ღარიბაშვილი 7 ნოემბერზე

ღარიბაშვილი: ნაციონალურ მოძრაობას 7 ნოემბერს ხალხი არასოდეს აპატიებს

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

ნაციონალურ მოძრაობას 7 ნოემბერს ხალხი არასოდეს აპატიებს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

„პირველ რიგში, არ შემიძლია არ გავიხსენო, დღეს 7 ნოემბერია და შეუძლებელია მართლაც დაგვავიწყდეს ეს თარიღი. ეს არის სისხლიანი თარიღი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. მაშინდელმა ხელისუფლებამ უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. სასტიკად დაარბია მშვიდობიანი მომიტინგეები, საკუთარი მოქალაქეები და ფეხქვეშ გათელა მათი პიროვნული ღირსება და დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპები. ეს არის თარიღი, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა ყოფილ ხელისუფლებას, ნაციონალურ მოძრაობას არასოდეს არ აპატიებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრმა 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია იმედში განვითარებული მოვლენებიც გაიხსენა.

„ასევე მინდა, გავიხსენო 7 ნოემბერს დამოუკიდებელ ტელეკომპანია იმედში შეჭრა და თავისუფალი სიტყვის ჩახშობა ძალადობრივი გზით. ეს იყო მაშინდელი რეჟიმის გამოხატულება და შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ხალხი თავისუფლების მოყვარული ხალხია და არასდროს არ შეეგუება ღირსების შელახვას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები