მედიის დაფინანსება

MDF: ყველაზე დიდი საბიუჯეტო დაფინანსება 2013-14 წლებში ინტერპრესნიუსმა მიიღო

მედიის განვითარების ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული მედიის შესახებ კვლევის წინასწარ შედეგებს აქვეყნებს და საინფორმაციო სააგენტოებს შორის არსებულ არათანაბარ კონკურენციაზე საუბრობს. MDF-ის კვლევა ასახავს უშუალოდ სამინისტროების ბიუჯეტებიდან საინფორმაციო სააგენტოებისთვის ინფორმაციის მომზადების, გავრცელების და სხვა მომსახურებისთვის თანხების გამოყოფის საკითხებს. MDF-ის შეფასებით, "სახელმწიფოს მიერ რვა საინფორმაციო სააგენტოს ბიუჯეტიდან დაფინანსება და ინფორმაციით მათი წინმსწრებად უზრუნველყოფა არათანაბარ პირობებში აყენებს სხვა საინფორმაციო სააგენტოებს, მით უფრო, რომ საქმე საჯარო ინფორმაციას შეეხება, რომელიც ყველასთვის თანაბრად უნდა იყოს ხელმისაწვდომი". კვლევის თანახმად, 18-დან მხოლოდ 5 სამინისტრო (იუსტიციის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების, ენერგეტიკის, რეგიონალური განვითარების და ინფრასტუქტურის და ფინანსთა სამინისტრო) არ სარგებლობს საინფორმაციო სააგენტოების მომსახურებით და მათი ნაწილი საზოგადოებასთან ურთიერთობისას მხოლოდ რეკლამის ფორმას მიმართავს. ანგარიშის მიხედვითვე, თავდაცვის სამინისტროს ხელშეკრულებები ყველაზე მეტ საინფორმაციო სააგენტოსთან (8) აქვს გაფორმებული.

MDF-ის კვლევით, სამინისტროების უმეტესობას (11 სამინისტრო) და საქართველოს მთავრობის კანცელარიას ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული შპს "ახალ ამბებთან" - სააგენტო ინტერპრესნიუსთან; შემდეგ ადგილზეა შპს "პირველი" - საინფორმაციო სააგენტო PIA (5 სამინისტრო). ყველაზე დიდი წილი საინფორმაციო სააგენტოებს შორის საბიუჯეტო დაფინანსებიდან 2013-3014 წლებში სწორედ ინტერპრესნიუსზე (IPN) (101 539,8 ლარი) მოდის, შემდეგია GHN - 48 690 ლარი, PIA -43 033,8 ლარი. MDF-ის ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში სულ საინფორმაციო მომსახურების კონტრაქტების რაოდენობა 254 774,2 ლარს შეადგენს;

მედიის განვითარების ფონდისთვის გაურკვეველია სააგენტოების შერჩევის კრიტერიუმები, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ისეთი მედიასაშუალების დაფინანსება, რომელიც თავის ვებგვერდზე ჰომოფიურ მასალებს აქვეყნებს (მაგალითად, სააგენტო PIA-ს მიერ გაზეთ "ასავალ-დასავალის" მასალის გამოქვეყნება და გავრცელება, სათაურით "კონჩიტა ავლაბრის რეზიდენციაში მიიღეს").ამასთან, კვლევის ავტორების შეფასებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ოთხ სააგენტოსთან (IPN, PIA, GHN, medianews.ge) წინასაარჩევნო პერიოდში გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძვლად პრემიერმინისტრის განკარგულების მითითება, შესაძლოა, მიანიშნებდეს, რომ საინფორმაციო სააგენტოების სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდირება მთავრობის დონეზეა კოორდინირებული.

"სამინისტროების უმეტესობაში (18-დან 13 სამინისტრო) და საქართველოს მთავრობის კანცელარიაში დამკვიდრებული პრაქტიკაა საინფორმაციო
სააგენტოებისთვის ანაზღაურების გადახდა ისეთი მომსახურებისთვის, როგორიცაა დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად მათი საქმიანობის გაშუქება და მიწოდებული ინფორმაციის გავრცელება, რაც ხელყოფს მედია საშუალებების სარედაქციო დამოუკიდებლობას; კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სამ საინფორმაციო სააგენტოსთან (PIA, GHN, medianews.ge) გაფორმებული ხელშეკრულება დამატებით მოიცავს ისეთ
შინაარსობრივ ვალდებულებებს, როგორიცაა მიწოდებული მასალის საინფორმაციო ღირებულების განსაზღვრა (განთავსება განსაკუთრებული მნიშვნელობის ან მე-2 და მე-3 კატეგორიებში); განთავსების სიხშირის (გამოქვეყნება 30 წუთის, განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში 10 წუთის განმავლობაში) განსაზღვრა; სამინისტროს ანონსების მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა რედაქტორებთან და პროდიუსერებთან, რაც პრესსამსახურის თანამშრომელთა კომპეტენციას წარმოადგენს; სოციალურ ქსელებში სააგენტოების მიერ სტატუსების, ფოტო, ვიდეო
და სხვა მასალების რეკლამირებას; სხვა სამინისტროების მიერ შესყიდულ მომსახურებაში შედის ჟურნალისტების ღონისძიებებსა და პრესკონფერენციებზე დასწრება; შემსყიდველის სურვილისამებრ ღონისძიებების გაშუქება; ინტერვიუები შეთანხმებულ საკითხებზე; დღის ფოტოს
განსაზღვრა და სხვა საკითხები, რაც ჟურნალისტურ ავტონომიას განეკუთვნება", - ნათქვამია კვლევაში და აღნიშნულია, რომ დამკვეთის მიერ დაფინანსებულ მასალებს მედია უკრიტიკოდ და დამოუკიდებლად ვერ გააშუქებს. MDF შენიშნავს, რომ ამ კატეგორიის მასალები თავისი არსით არის სარეკლამო და მკაფიოდ უნდა იყოს გამიჯნული სარედაქციო მასალებისგან, წარწერით რეკლამა, რასაც სააგენტოები არ მიმართავენ.

"რეკლამისა და სარედაქციო მასალის ახალი ამბების კატეგორიაში მიწოდებას შეცდომაში შეჰყავს მკითხველი, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა, ერთმანეთისგან გამიჯნოს სამინისტროების მიერ დაფინანსებული და რედაქციის მიერ დამოუკიდებლად მომზადებული მასალები; მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებულია ყოველთვიურად გაწეული მომსახურების რაოდენობა და არ არის დაკონკრეტებული გაწეული მომსახურების სახეობა, რაც ხშირად შესაძლოა, არამიზნობრივად იყოს გამოყენებული; საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში, რომლებიც IPN-ის საიტზეა განთავსებული, არ არის მითითებული კვლევის დამკვეთი, ამდენად რთულია იმის დადგენა, თუ კონკრეტულად რომელი გამოკითხვა დააფინანსა მთავრობის კანცელარიამ", - ნათქვამია მედიის განვითარების ფონდის კვლევაში.

MDF მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გადახედოს საინფორმაციო სააგენტოების დაფინანსების არსებულ პრაქტიკას, "რომელიც ხელს არ უწყობს თავისუფალ კონკურენციას და საჯარო ინფორმაციის თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველა მედიასაშუალებისთვის"; ასევე, ადეკვატურად გაიაზროს მედია საშუალებებზე ისეთი საკონტრაქტო ვალდებულებების დაკისრების მიზანშეწონილობა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე სარედაქციო ავტონომიაში ჩარევას წარმოადგენს;

"შეიმუშაოს იმ ორგანიზაციათა შერჩევის კრიტერიუმები, რომლებსაც საინფორმაციო კამპანიის მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებს და გამჭვირვალე გახადოს პროცესი, რათა არ შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ საბიუჯეტო თანხების გამოყენება არა საზოგადოების ინფორმირების, არამედ ამა თუ იმ მედია საშუალების დოტაციისთვის გამოიყენება; გამჭვირვალე და დეტალიზებული გახადოს დოკუმენტაცია მიღებული მომსახურების შესახებ, რათა გამოირიცხოს საბიუჯეტო სახსრების შიდა პარტიული კონფრონტაციის გაშუქების, ან კონკრეტულ ინდივიდებზე თავდასხმის მიზნით
გამოყენება; სამინისტროებმა და სხვა საჯარო დაწესებულებებმა ვებ-გვერდზე გამოაქვეყნონ ინფორმაცია საინფორმაციო კამპანიებისთვის გამოყოფილი ყოველწლიური სარეკლამო ბიუჯეტების შესახებ და გაწეული ხარჯების დეტალური ანგარიში", - ნათქვამია MDF-ის კვლევაში.

ამასთან, მედიის განვითარების ფონდი მიმართავს საინფორმაციო სააგენტოებს, დაიცვან პროფესიული სტანდარტი და ერთმანეთისგან მკაფიოდ გამიჯნონ სარედაქციო და სარეკლამო მასალა, რათა არ მოხდეს აუდიტორიის შეცდომაში შეყვანა და გამჭვირვალე გახდეს მთავრობის მიერ გაწეული ხარჯები.

"ჟურნალისტური საქმიანობა და გარე ორგანიზაციების პიარ მომსახურება ინტერესთა კონფლიქტშია ერთმანეთთან, ამდენად მნიშვნელოვანია მედია საშუალებებმა ერთმანეთისგან მკაფიოდ გამიჯნონ ასეთი სერვისები; სააგენტოს ან სხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის
გაშუქებისას დაიცვან საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვისთვის დადგენილი სტანდარტები. კერძოდ, მიუთითონ მეთოდოლოგიის ისეთი არსებითი რეკვიზიტები, როგორიცაა დამკვეთი, დამფინანსებელი, რესპონდენტთა შერჩევის მეთოდი და სხვა", - აღნიშნავს მედიის განვითარების ფონდი.

MDF-მა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ მედიაზე კვლევა საჯარო დაწესებულებებიდან გამოთხოვნილი დოკუმენტების ანალიზით ჩაატარა. კერძოდ, გამოითხოვა სამინისტროების და მთავრობის კანცელარიის მიერ 2013-2014 წლებში მედიასაშუალებებისთვის გადარიცხული თანხების ჯამური რაოდენობა, ასევე ინფორმაცია ინდივიდუალური მედიასაშუალებებისთვის გადარიცხული თანხების შესახებ; ხელშეკრულებების ასლები (2013-2014), რომლებიც ითვალისწინებს მედიასაშუალებების მიერ სამინისტროებისა და მთავრობის კანცელარიისთვის ინფორმაციის გავრცელებას, სარეკლამო და სხვა სახის მომსახურების გაწევას; ხელშეკრულებების საფუძველზე განხორციელებული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტები (2013-2014).

კომენტარები