ვიზის ლიბერალიზაცია

ევროკომისია: საქართველო ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის მეორე ფაზაზე გადავიდა

europa.eu

საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის პროცესს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს. პრესსამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად საქართველომ სავიზო დიალოგის მოთხოვნების პირველი ფაზა დააკმაყოფილა და უკვე შესაძლებელია მეორე ფაზის დაწყება.

"კმაყოფილი ვარ შედეგებით და მსურს მივულოცო საქართველოს ხელისუფლებს მათ მიერ გაწეული ძალისხმევისთვის. მათ აჩვენეს მნიშვნელოვანი ერთგულება, საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებით. ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა, მნიშვნელოვანი ნაბიჯი პროცესში, რომელიც საქართველოს უფრო დააახლოვებს იმ მიზანთან, რომელიც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს გულისხმობს” , -აღნიშნა ევროკომისარმა საშინაო საქმეებში სესილია მალსტრომმა.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის შესახებ მეორე ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით კომენტარი საგარეო საქმეთა სამინისტროში გააკეთეს. სამინისტრო მიესალმება ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებას, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების მიმართულებით. განცხადების მიხედვით, საქართველოს მთავრობა ადასტურებს მზადყოფნას, რომ შეასრულოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მე-2 ფაზით გათვალისწინებული მოთხოვნები.

კომენტარები