ეკონომიკური თავისუფლება

Doing Business-ის რეიტინგში საქართველოს პოზიცია ერთი ადგილით გაუარესდა

Doing Business-ის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით მეთხუთმეტე ადგილზე გავიდა. წინა წელთან შედარებით რეიტინგში საქართველოს პოზიცია ერთი ადგილით გაუარესდა. Doing Business-ის ანგარიში 2014 წლის მდგომარეობას აღწერს. 

ანგარიშის მიხედვით, საქართველო ბიზნესის დაწყების სიმარტივის მხრივ მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა. ანგარიშში შეფასებულია ბიზნესის დაწყებისთვის საჭირო პროცედურების რაოდენობა და ხანგრძლივობა. ბიზნესის დასაწყებად საქართველოში მხოლოდ ორი პროცედურის გავლა არის საჭირო, რომელთა ხანგრძლივობა ერთ დღეს შეადგენს. 

რეიტინგის მიხედვით, საქართველო ქონების რეგისტრაციის სიმარტივით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. საქართველოში ქონების რეგისტრაციისთვის მხოლოდ ერთი პროცედურის გავლა არის საჭირო, რასაც ერთი სამუშაო დღე სჭირდება. მსოფლიოში კი ქონების რეგისტრაციას საშუალოდ 6 პროცედურის გავლა და 21 სამუშაო დღე სჭირდება. 

ბიზნესის კეთების სიმარტივის ანგარიშში შეფასებულია, თუ რამდენი დრო სჭირდება სხვადასხვა სახის სტანდარტული პროცედურის გავლას. მაგალითად, საქართველოში მშენებლობის ნებართვის ასაღებად რვა პროცედურაა გასავლელი, რასაც დაახლოებით 68 სამუშაო დღე სჭირდება. მშენებლობის ნებართვის აღების მხრივ საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა.

საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით რამდენიმე პუნქტში გაუარესდა. მათ შორის ყველაზე დიდი გაუარესება გადასახადების სექტორშია, სადაც წინა წელთან შედარებით 16-პუნქტიანი კლებაა. აღნიშნულ პუნქტში საქართველოს პოზიციის გაუარესება მისი შეფასების კრიტერიუმის ცვლილებას უკავშირდება. საგადასახადო სიმარტივის პუნქტში ყურადღება მოსაკრებლების საერთო დონესაც ექცევა, რაც საქართველოს შემთხვევაში 16,4%-ს შეადგენს. 

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, წინა წელთან შედარებით საქართველოს პოზიციის გაუარესება Doing Business-ის მხრიდან შეფასების კრიტერიუმების შეცვლას უკავშირდება. მისი თქმით, ახალი კრიტერიუმები უფრო სრულად ასახავენ ბიზნესის კეთებისთვის საჭირო კრიტერიუმებს. კვირიკაშვილის თქმით, არსებული კლება მნიშვნელოვანი არ არის და, შესაბამისად, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე დიდი გავლენა ვერ ექნება.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება საქართველოსგან მომავალი სამი წლის განმავლობაში მრავალ საკანონმდებლო რეფორმას და ახალი რეგულაციის შემოღებას მოითხოვს. ამან საქართველოს პოზიცია ბიზნესის კეთების რეიტინგში შეიძლება კიდევ რამდენიმე პუნქტით გააუარესოს. 

Doing Business-ის ყოველწლიური ანგარიში არის მსოფლიო ბანკის გამოკვლევა, რომელიც საერთაშორისო ინვესტიციების წახალისებას და სხვადასხვა ქვეყანაში მეწარმეობის მხრივ არსებული ვითარების შესწავლას ისახავს მიზნად. 

მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივის მხრივ პირველ ადგილს სინგაპური იკავებს. რეიტინგის ბოლო, 189-ე ადგილზე კი ერიტრეაა.

კომენტარები