ფოკუსი

24 ოქტომბერი, 2014

- დაძაბული მდგომარეობა იყო სოფელ მოხეში, სადაც ახალციხის პოლიციასთან შეკრებილი მუსლიმი მრევლი გუშინ დაკავებული პირების გათავისუფლებასა და ნგრევის პირას მისული მეჩეთის მათთვის გადაცემას ითხოვდა. აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, უკანასკნელ არჩევნებამდე მათ მხარის გუბერნატორისგან პირობა მიიღეს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ეს შენობა მუსლიმებს გადაეცემოდა. ახლა კი იქ ბიბლიოთეკის გაკეთება იგეგმება.
- საქართველოს მთავრობამ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა. იუსტიციის მინისტრის განმარტებით, ცვლილებები ეხებათ იმ უცხოელებს, ვინც ვერ მოასწრო, მარტიდან სექტემბრამდე მოეწესრიგებინა თავისი საბუთები - მათ პირველ მარტამდე ექნებათ საშუალება საკუთარ ქვეყანაში დაუბრუნებლად შეცვალონ ვიზის კატეგორია, თუკი ამის შესაბამისი საბუთები ექნებათ. ცვლილება არ ეხება სტუდენტებს და საზღვარზე ვიზის აღებას.
- პრემიერის სახლთან 19 ოქტომბერს გამართული ბაჩო ახალაიას მხარდამჭერი აქციის დროს დაკავებულ 5 პირი 300-300 ლარით დაჯარიმდა. რაც შეეხება რომეო საჯაიას, მას 100 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
: თბილისის საქალაქო სასამართლომ მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლებაში ბრალდებულ პირებს 5000 ლარიანი გირაო შეუფარდა - გამოძიების ვერსიით, 2 მოქალაქე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ 11 ჰექტარ მიწის ნაკვეთს თაღლითურად დაეუფლნენ. მიწის საერთო ღირებულება მილიონ ლარამდეა.
- ბულინგი სკოლებში რელიგიური მოტივებით - ერთერთი ასეთი შემთხვევა ცოტა ხნის წინ, თბილისის 128-ე საჯარო სკოლაში მოხდა. თანატოლებმა მათი სკოლელი იმიტომ ცემეს, რომ ამ უკანასკნელმა მასწავლებლის მიერ მართლმადიდებლურ სასწაულებზე გაკეთებულ კომენტარს მითი უწოდა. განათლების მინისტრი ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევები ცალკეულია და მათზე ყურადღების გამახვილება არ ღირს

კომენტარები