პრეზიდენტის ვიზიტი ბელგიაში

სტუდენტი: ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გამო, პრეზიდენტი ბელგიაში აღარ ჩამოვა

გიორგი მარგველაშვილი
facebook.com/Margvelashvili

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბრიუსელში აღარ გაემგზავრება. მას ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში, 28 ოქტომბერს დაგეგმილ კონფერენციაში უნდა მიეღო მონაწილეობა. კონფერენციის გაუქმების შესახებ დღეს შეტყობინებები სხვა მონაწილეებმა მიიღეს. გაუქმების მიზეზად საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისია დასახელებული.

სტუდენტი თეონა ლავრელაშვილი ერთ-ერთია, რომელმაც წერილი მიიღო. მისი თქმით, ვიზიტის ჩაშლის შესახებ ინფორმაცია Leuven-ის უნივერსიტეტს საქართველოს საელჩომ მიაწოდა. წერილში ვკითხულობთ: 

"ქალბატონებო და ბატონებო,

ჩვენ მივიღეთ თქვენი მოთხოვნა, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლაზე დასწრების სურვილის შესახებ. რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით.

სამწუხაროდ, გვინდა, გაცნობოთ, რომ ვიზიტი ჩაშლილია. ბრიუსელში საქართველოს საელჩოდან მივიღეთ შეტყობინება, რომ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო პრეზიდენტის ვიზიტი გაუქმებულია. ამ მიზეზით, სამწუხაროდ, კონფერენციის ჩატარება შეუძლებელი ხდება. დიდი მადლობა ყურადღებისთვის", - წერია წერილში.

საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის საჰერცოგოში ნატალია საბანაძე რუსთავი2-თან საუბარში აღნიშნავს - "საელჩოდან წავიდა ერთი ოფიციალური ნოტა, რომლის მიხედვითაც ეცნობა ბელგიის მხარეს, რატომ ვერ ჩამოდის პრეზიდენტი. 28-ში დაგეგმილი იყო პირველი მსოფლიო ომის დაწყებასთან დაკავშირებით სპეციალური ცერემონიალი, რომლისთვისაც იყო ის მიწვეული. ჩვენ ვაცნობეთ, რომ ის ვერ ჩამოდის, იმიტომ, რომ დაიგეგმა უშიშროების საბჭოს სხდომა. იმის გამო, რომ რუსეთმა წამოიწყო აფხაზეთთან ინტეგრაციის ხელშეკრულება. ეს არის მიზეზი და ეს არის ერთადერთი ინფორმაცია, რომელიც გავიდა საქართველოს საელჩოდან ოფიციალური ნოტის სახით და ეცნობა ბელგიურ მხარეს. ვინ-როგორ ინტერპრეტაციას მისცემს იმას, თუ რა ხდება, ამას საელჩოზე დაყრდნობით ვერ იტყოდნენ. ამ გოგონას, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია, საელჩოსთვის არ მოუმართავს და მსგავს ინფორმაციას ის ვერ მიიღებდა.

ელჩისვე ინფორმაციით, ბრიუსელს ოფიციალური ვიზიტით პრემიერმინისტრი ეწვევა. სავარაუდო თარიღად 17 ნოემბერია დასახელებული. თემა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება იქნება.

კომენტარები