ადგილობრივი თვითმმართველობა

მერია: ალექსანდრე სანაძე მთაწმინდის გამგებლის მოადგილე არ არის

ალექსანდრე სანაძე არ არის მთაწმინდის გამგებლის მოადგილე. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. მთაწმინდის რაიონის გამგებელს ჰყავს სამი მოადგილე - ბადრი ხვადაგიანი, ირაკლი ქუთათელაძე და კახა ქოროღლიშვილი, - ვკითხულობთ მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

განცხადება ეხება მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილედ ქურდული სამყაროს წევრობისთვის ნასამართლევი ალექსანდრე სანაძის, მეტსახელად „საშკას“ დანიშვნას. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია, ტაბულას გამგეობის თანამშრომელმაც დაუდასტურა. მისი თქმით, სანაძე გამგებლის მოადგილის მოვალეობას ასრულებს.

მერია განმარტავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია საჯაროა და მისი გამოთხოვა ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია და მიმართავენ მედია საშუალებეს ინფორმაცია გავრცელებამდე გადაამოწმონ. 

თბილისის მერიამ ტაბულას გამგებლებისა და მათი მოადგილეების ვინაობების ჩამონათვალი არ მიაწოდა. პრესსამსახურში აღნიშნეს, რომ ამისთვის საჭიროა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა.

რაც შეეხება კონკრეტულად ალექსანდრე სანაძეს, იგივე „საშკას“, როგორც მერიის პრესსამსახურში განმარტავენ, გელა არჩვაძე ამ საკითხზე სატელევიზიო კომენტარს არ გააკეთებს და უნდა ვიხელმძღვანელოთ განცხადებით, რომელსაც უწყება მოგვიანებით გაავრცელებს. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი მაგდა პოპიაშვილი აცხადებს, რომ გელა არჩვაძეს სამი მოადგილე ჰყავს და მათი ვინაობები განცხადებაშიც იქნება აღნიშნული. პოპიაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ გელა არჩვაძეს მსგავსი მოადგილე საერთოდ არ ჰყავს. 

ტაბულა დაუკავშირდა მთაწმინდის გამგეობასაც და ალექსანდრე სანაძესთან დაკავშირება ითხოვა. გამგეობაში განმარტეს, რომ სანაძე არაა გამგებლის მოადგილე და მუნიციპალიტეტშია დასაქმებული. მოგვიანებით ყურმილთან ვინმე „საშკას“ უხმეს (რაც სატელეფონო ჩანაწერშიც ისმის). ალექსანდრე სანაძემ, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ტაბულადან ურეკავდნენ, ტელეფონი გათიშა.

შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, ირაკლი ფირცხალავას ინფორმაციით, ალექსანდრე სანაძე, მეტსახელად „საშკა", 2006 წელს დააკავეს.

კომენტარები