საქართველო-იაპონია

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი იაპონიაში დაიწყო

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი იაპონიაში დღეს დაიწყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ტოკიოში გიორგი მარგველაშვილი პირველ ლედისთან ერთად იმყოფება. ჰანედას საერთაშორისო აეროპორტში ქართულ დელეგაციას იაპონიის სახელმწიფო მინისტრი საგარეო საკითხებში მინორუ კიუჩი დახვდა, რომელთანაც გიორგი მარგველაშვილმა მოგვიანებით შეხვედრა გამართა. აეროპორტში ასევე იმყოფებოდა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრისას, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს. საუბარი შეეხო აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ ვითარებასაც, ასევე, რუსეთ-აფხაზეთს შორის ხელშეკრულების პროექტს მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ.

"დღეს დაიწყო საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი იაპონიაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყნის პირველ პირს დატვირთული პროგრამა აქვს, რომლის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს იმპერატორთან, პრემიერმინისტრთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. იმედი გვაქვს, შეხვედრებზე დაისმება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი თემები. უკვე გაიმართა პირველი შეხვედრა სახელმწიფო მინისტრთან საგარეო საკითხებში, რომელთანაც ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის, აფხაზეთში შექმნილ ვითარებაზე", - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძემ. მისი განცხადებით, მინორუ კიუჩისთან შეხვედრისას ასევე გადაწყდა, რომ ოფიციალურ დოკუმენტებში იაპონია საქართველოს "გრუზიას" ნაცვლად, "ჯორჯიად" მოიხსენიებს. ფხალაძის თქმით, აღნიშნულ საკითხს იაპონიის პარლამენტი 2015 წლის საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს.

კომენტარები