თეორემა

"დაუჯერებელი ამბავი" - აფხაზეთის დე-ფაქტო ანექსია

აფხაზეთს და ყირიმს საერთო არაფერი აქვს - ჩვეული კატეგორიულობით ამბობდა პრემიერი ღარიბაშვილი ბიბისისთან ინტერვიუში. დღეს მისივე მთავრობის საგარეო სამინისტრო რუსეთ-აფხაზეთის ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებას ანექსიის მცდელობად აფასებს. ივანიშვილის მთავრობის ბრძნული საგარეო პოლიტიკის წყალობით, ახლა, როცა რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობანას თამაშის დასრულებას გეგმავს და მისი საბოლოო გადაყლაპვისათვის ემზადება, საქართველო ამ უსერიოზულესი გამოწვევის წინაშე პრაქტიკულად მარტო რჩება.

ჩვენდა სამწუხაროდ, მმართველობის 2 წლის თავზე ქართულმა ოცნებამ მხოლოდ ორი წინასაარჩევნო დაპირების შესრულება შეძლო - ციხეებიდან გაათავისუფლა ათეულობით ათასი კრიმინალი და დასავლეთსა და რუსეთს შორის უთანხმოების საკითხთა ნუსხიდან საქართველოს თემა გააქრო. ამაში დარწმუნების კიდევ ერთი შესაძლებლობა მოგვეცა გუშინ, როცა სახელმწიფო მდივან კერისა და საგარეო მინისტრ ლავროვის შეხვედრაზე ამერიკა რუსეთს შორის უთანხმოების საკითხად მხოლოდ უკრაინა დასახელდა. ადრეული პერიოდისაგან განსხვავებით, აფხაზეთი ამჯერად არავის უხსენებია.

რუსეთთან ცალმხრივი დათმობების პოლიტიკის აშკარა კრახის იგნორირება თავად ქართული ოცნების წევრებსაც უჭირთ. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ამ თემაზე პარლამენტის სხდომა მოიწვია, ხოლო საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძემ აბაშიძე-კარასინის შეხვედრის ჩაშლა მოითხოვა. შეხვედრა მაინც შედგა, ხოლო ჯაფარიძის პოზიცია "ასაკობრივ პრობლემად" და "მუხრუჭების მოშლად" შეფასდა.

საკუთარ რიგებში მზარდი უკამყოფილების მიუხედავად პრემიერი ღარიბაშვილი არ აპირებს იმ ბრძენი კაცის, ბატონის ბიძინას მიერ დასახული გზიდან გადახვევას. სად მიგვიყვანს ბიძინას გზა ამაზე თეორემას სტუმრებთან ვისაუბრებთ.

სტუმრები: ვანო მაჭავარიანი, დათო სიხარულიძე, ელენე ხოშტარია, ზურაბ შენგელია, ზურაბ პაპასქირი.

კომენტარები