ფოკუსი

16 ოქტომბერი, 2014

- პრაღაში აბაშიძისა და კარასინის შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. აბაშიძის თქმით, დღევანდელი შეხვედრა ყველაზე მძიმე იყო აქამდე გამართულ შეხვედრებს შორის. შეხვედრისას მთავარი თემა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ახალი ხელშეკრულების პროექტი იყო და პრემიერის წარმომადგენლის თქმით, დისკუსიის მიუხედავად მხარეები საკუთარ პოზიციებზე დარჩნენ.
- ნაციონალური მოძრაობა აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის გაუქმებას ითხოვს. საპარლამენტო უმცირესობამ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით რეზოლუციის ტექსტი შეიმუშავა. უმცირესობა მზად არის, ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან, რათა თავიდან იქნას აცილებული აფხაზეთის ანექსია.
- საბერძნეთის სასამართლომ დათა ახალაიას საქართველოში ექსტრადიციაზე უარი თქვა. დათა ახალაიას ადვოკატი თქმით, მოსამართლემ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულად ჩათვალა.
- ქუთაისის პარლამენტში ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ბიუჯეტის პირველი პროექტი წარადგინა. ბიუჯეტი 3%-იანი დეფიციტის და ეკონომიკის 5%-იანი ზრდის გათვალისწინებით დაიგეგმა.
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი იმერეთის რეგიონის ადგილობრივ თვითმმართველობებში გასულ წელს გაცემულ პრემიებთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს. მხოლოდ ქუთაისის მერიაში ჯამში 2 მილიონ ლარამდე პრემია გაიცა.
აღსანიშნავია, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში გაცემული პრემიების კრიტიკის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ პრემიის გაცემის წესი შეიმუშავა თუმცა როგორც ამ თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებში ამბობენ, ბევრ სახელმწიფო უწყებაში პრემია სახელფასო დანამატებით შეიცვალა.

კომენტარები