სასამართლოს დამოუკიდებლობა

წულუკიანი: სასამართლოში დღეს მოსამართლეთა კომპეტენტურობის პრობლემა არსებობს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ სასამართლოში დღეს მოსამართლეთა კომპეტენტურობის პრობლემა არსებობს, თუმცა, მისი თქმით, ამაში დამნაშავე კოტე კუბლაშვილი და ნაციონალური მოძრაობაა. ამის შესახებ კომენტარი მან გადაცემა არჩევანში გააკეთა.

“კომპეტენტურობის პრობლემა არის დღეს სასამართლოში და ეს კითხვა მე არ მეკუთვნის. ეს ეკუთვნის ბატონ კოტე კუბლაშვილს, რომელსაც ორი წელია ვეხვეწე, რომ გამხდარიყო და კარიერიდან წასულიყო რეფორმატორად და არ ყოფილიყო ანტირეფორმისტი. თუ დღეს მოსამართლის კომპეტენტურობის მიმართ არსებობს კითხვები, ეს კითხვები ეკუთვნის პირველ რიგში იმ ნაციონალურ მოძრაობას, რომელმაც მოსამართლე დაჩაგრა, ცოდნა არ მისცა, დანიშნა არაკომპეტენტური ან კომპეტენტური დანიშნა, მაგრამ ისეთ დღეში ამყოფა, რომ მიაღებინა პოლიტიკური გადაწყვეტილება", - თქვა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის აზრით, ამ კუთხით პროგრესის მიღწევა მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელი კოტე კუბლაშვილი დაასრულებს თავის კარიერას.

“მე მართლაც მოუთმენლად ველი 2015 წლის მარტის თვეს, როცა კოტე კუბლაშვილი დაასრულებს თავის კარიერას. იმედი მაქვს, რომ ამის შემდეგ გვეყოლება ისეთი უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელი და მართლმსაჯულების მესვეური, რომელიც დაფიქრდება იმაზე, თუ როგორ გააძლიეროს მოსამართლე და გახადოს უფრო კომპეტენტური”, - ამბობს წულუკიანი.

იუსტიციის მინისტრი ამტკიცებს, რომ დღეს სასამართლო თავისუფალია და ვერც ერთი მოსამართლე ვერ იტყვის, რომ მას დღევანდელი ხელისუფლება აკონტროლებს. რაც შეეხება ფაქტს, როდესაც მოსამართლე სპარტაკ პავლიაშვილმა თენგო ერისთავის საქმეზე 19 დღის განმავლობაში ორი ურთიერთსაწინააღმდეგო განჩინება გამოიტანა, წულუკიანი კვლავ არაკომპეტენტურობად აფასებს. მისი თქმით, სპარტაკ პავლიაშვილი დამოუკიდებელია ხელისუფლებისგან, თუმცა აქ დგას მისი არაკომპეტენტურობის საკითხი.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა მოსამართლის არაკომპეტენტურობა ვინმემ თავისთვის სასურველი განაჩენის მისაღებად გამოიყენოს, წულუკიანი პასუხობს, რომ ეს მხოლოდ იმან შეიძლება გამოიყენოს, ვინც ის დანიშნა, მას კი პავლიაშვილი არ დაუნიშნავს.

შეგახსენებთ, რომ მოსამართლე სპარტაკ პავლიაშვილი განიხილავს მიხეილ სააკაშვილის, დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის საქმეებს.

კომენტარები