Uefa.com საქართველოს ნაკრების შესახებ

Uefa.com: საქართველოს ოფიციალურ მატჩში გასვლაზე 2006 წლის შემდეგ არ მოუგია

14 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის მორიგ მატჩს გამართავს. შინ ირლანდიასთან (1:2) და სტუმრად შოტლანდიასთან (1:0) მარცხის შემდეგ, თემურ ქეცბაიას გუნდი პორტუგალიაში გიბრალტარის ნაკრებს შეხვდება.

გიბრალტარი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დებიუტანტია და აქამდე ნათამაშები ამხანაგური თუ ოფიციალური შეხვედრებიდან გამომდინარე, ევროპის ერთ-ერთ უსუსტეს ნაკრებად მოიაზრება. ქართველთა დღევანდელმა მეტოქემ ჯერ პოლონეთთან, შემდეგ კი ირლანდიასთან შეხვედრები, ერთი და იმავე ანგარიშით - 7:0 დათმო.

მატჩთან დაკავშირებით, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ვებგვერდზე - Uefa.Com-ზე მცირე წერილი გამოქვეყნდა, სადაც რამდენიმე საგულისხმო ფაქტია აღნიშნული.

  • "ეს UEFA-ს მიერ ორგანიზებული ტურნირების ნებისმიერ დონეზე, გიბრალტარისა და საქართველოს პირველი შეხვედრა იქნება.
  • საქართველოს ნაკრებს პორტუგალიაში - სადაც გიბრალტარი საშინაო შეხვედრებს მართავს - მხოლოდ ერთხელ უთამაშია, როდესაც ამ ქვეყნის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში 2:0 დამარცხდა.
  • იქამდე, სანამ პოლონეთთან და ირლანდიასთან 7-0 წააგებდნენ, გიბრალტარელები ზედიზედ ორ ამხანაგურ მატჩში დაუმარცხებლები იყვნენ.
  • D ჯგუფის გასულ თამაშამდე საქართველოს ნაკრები ასეთი შედეგით მივიდა - გუნდს აქამდე გასვლაზე გამართულ 19 ოფიციალურ მატჩში არ ჰქონდა მოგებული (4 ფრე, 15 მარცხი), მას მერე რაც 2006 წელს ფარერის კუნძულები 6:0 დაამარცხა", - წერს Uefa.Com

აღსანიშნავია, რომ 2006 წლის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს მართლაც არ მოუგია გასვლაზე ოფიციალურ მატჩში, თუმცა ამხანაგურ შეხვედრებში ქვეყნის გარეთ გაუმარჯვია.

შეგახსენებთ, რომ მატჩი საქართველოსა და გიბრალტარის ნაკრებებს შორის 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 სთ-ზე დაიწყება.

კომენტარები