საავტომობილო გზა რუსეთთან

წიკლაური: ავარეთ-კახეთის გზა საფრთხის შემცველია მთელი კავკასიის რეგიონისთვის

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, "რუსეთისთვის ასეთი მნიშვნელოვანი გზის მნიშვნელობა, უპირველეს ყოვლისა, გამოწვეულია სამხედრო მიზნებით". საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის სამხედრო ინფრასტრუქტურა. მისი თქმით, "საქართველომ მკაფიოდ უნდა უთხრას უარი ოკუპანტის განზრახვას, კიდევ ერთი სამხედრო ინფრასტრუქტურა შექმნას იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა დაიპყროს და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინოს".

"ჩვენ კარგად ვნახეთ, როგორ იყენებს რუსეთი ამ სამხედრო გზებს როგორც აფხაზეთში, ისე როკის გვირაბთან დაკავშირებით. ამიტომ, საქართველოს მთავრობას უნდა ჰქონდეს ძალიან მტკიცე უარყოფითი პოზიცია რუსეთის სტრატეგიული ინტერესების საწინააღმდეგოდ. საქართველოს მთავრობამ უნდა დაიცვას საქართველოს ეროვნული ინტერესები და არა - გააგრძელოს ის მაამებლური პოლიტიკა, რომელსაც ის აწარმოებს ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთთან დაკავშირებით. ეს გზა საფრთხის შემცველია არა მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად კავკასიის რეგიონისთვის. და ნებისმიერი აპელირება თითქოსდა, რაღაც ეკონომიკური კონტაქტების გაღრმავებაზე, ამ გზის მეშვეობით, არის მხოლოდ თავიდან არიდება იმ მთავარი საკითხის, რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას" - განაცხადა წიკლაურმა. 

ცნობისთვის, საქართველოს რუსეთთან კიდევ ერთი გზის მონაკვეთი დააკავშირებს: დაღესტანში, აგვისტოს თვიდან ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც საქართველოსთან შემაერთებელი 83-კილომეტრიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. გზის გაყოლებაზე აშენდება 25 ხიდი და 5 გვირაბი. აღნიშნული ობიექტი მახაჩყალა-თბილისის 470-კილომეტრიანი საავტომობილო მარშრუტის პროექტის ნაწილია. ქართული მხარის განცხადებით, ეს რუსეთის ტერიტორიაა და სწორედ რუსეთის გადასაწყვეტია, რა ტიპის პროექტებს გააკეთებს თავის ტერიტორიაზე.

ავარეთ-კახეთის გზის აღდგენაში რუსეთის ინტერესები ჯერ კიდევ 2008 წელს გამოიკვეთა, როდესაც აგვისტოს ომამდე რამდენიმე თვით ადრე, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაღესტნის მთიანეთში არსებულ სამხედრო ბაზას ესტუმრა. პუტინს აინტერესებდა, რამდენად შეძლებდა სამხედრო აღჭურვილობა ამ მიმართულებით მოძრაობას და სამხედროებმაც დაარწმუნეს, რომ დაღესტნის მხრიდან საქართველოს მიმართულებით მძიმე ტექნიკა, მათ შორის, ტანკებიც უპრობლემოდ გაივლიდა. 

კომენტარები