ბუნების მსოფლიო ფონდი

40 წელიწადში დედამიწის ბინადარი ცხოველების რაოდენობა 52%-ით შემცირდა

worldwildlife.org

უკანასკნელ 40 წელიწადში დედამიწაზე მცხოვრები ხერხემლიანების - ძუძუმწოვრების, ფრინველების, რეპტილიების, ამფიბიებისა და თევზების რაოდენობა 52%-ით შემცირდა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ადამიანთა რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და 3.7 მილიარდიდან 7 მილიარდს მიაღწია. ამის შესახებ ბუნების მსოფლიო ფონდისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ 2014 წლის ანგარიშში ვკითხულობთ.

ანგარიშის მიხედვით, ველური ბუნება მცირდება ხმელეთზე, მდინარეებსა თუ ოკეანეებში. ამის მთავარი მიზეზი კი ადამიანის მიერ იმ ბუნებრივი გარემოს განადგურებაა, სადაც ცხოველები ბინადრობენ. ველური ბუნების განადგურებაში დიდი წვლილი ამოწურვადი რესურსების აქტიურ მოხმარებასაც შეაქვს, მათ შორის, კომერციული მიზნებისთვის თევზაობასა და ნადირობას.

"ველური ბუნება მცირდება და ამასთან ერთად ჩვენი მოთხოვნა ბუნებაზე სულ უფრო მეტად იზრდება. ჩვენ 1.5 დედამიწა გვჭირდება იმისთვის, რომ აღვადგინოთ ის რესურსები, რასაც დღეს მოვიხმართ. ხეებს უფრო სწრაფად ვჭრით, ვიდრე მათ გაზრდა შეუძლიათ. იმაზე მეტ თევზს ვიჭერთ, ვიდრე ოკეანეს შეუძლია რომ ახლიდან წარმოშვას და მეტ ნახშირბადს ვუშვებთ ატმოსფეროში, ვიდრე ტყეებსა და ოკეანეებს შეუძლიათ რომ შთანთქონ", - ვკითხულობთ დასკვნაში.

უკანასკნელ წლებში ყველაზე მეტად, 76%-ით, მტკნარი წყლების  ბინადართა რაოდენობა შემცირდა. მხოლოდ ლათინურმა ამერიკამ საკუთარი ველური ბუნების 83% დაკარგა.

კომენტარები