სტუდენტების დაფინანსება

ენმ მთავრობას სტუდენტებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზებს სთავაზობს

ენმ სტუდენტების დაფინანსებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე განცხადებას ავრცელებს და მთავრობას პრობლემების მოგვარების გზას სთავაზობს.

განცხადებაში წერია, რომ 2012 წლის პირველი ოქტომბრისთვის სტუდენტის სტატუსი შეჩერებული ჰქონდა 11000-ზე ოდნავ მეტ სტუდენტს. 2013 წლის იანვარში - 22000 სტუდენტს. 2013 წლის პირველი ოქტომბრის მონაცემებით 28 000-ზე მეტს (მათ შორის 8000-ზე მეტს ფინანსური დავალიანების გამო). 2014 წლის იანვრისთვის უკვე 33 000-ზე მეტს (მათ შორის 11000-ზე მეტს ფინანსური დავალიანების გამო). უკანასკნელი მონაცემებით სტატუსი შეჩერებული აქვს უკვე 38000 სტუდენტზე მეტს.

„ეს პრობლემა რამდენიმე მიზეზით არის გამოწვეული: 1. მთავარი პრობლემა მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაა. სავალალო დინამიკა სწორედ ამ ტენდენციის მაჩვენებელია. შვილების განათლებაზე გაწეული დანახარჯი საქართველოში ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ტენდენციის ცვლილება, მოსახლეობის შემოსავლების აშკარა კლებაზე მეტყველებს. 2. მთავრობა და განათლების სამინისტრო სტუდენტებზე გაწეულ თანხებს არარაციონალურად და უსამართლოდ ანაწილებს. მაგ. დაფინანსების ძველი წესის შემთხვევაში დაფინანსებულ სტუდენტთა რაოდენობა გაიზრდებოდა ორჯერ (100%-იანი, 70%-იანი, 50%-იანი და 30%-იანი გრანტები) და მიაღწევდა დაახლოებით 16000 სტუდენტს. ამის ნაცვლად, შარშან დაფინანსებულ სტუდენტთა რაოდენობა დაახლოებით 9000 იყო. 3. 2013 წელს ბიუჯეტით გათვალისწინებული 5 მილიონი ლარი არ გაიხარჯა სტუდენტებზე და გადავიდა სხვა მუხლში. 2013-2014 წლებში სტუდენტებს 10 მილიონი ლარის დაფინანსება დააკლდათ, ამ თანხით შესაძლებელი გახდებოდა დამატებით 8000 სტუდენტის დაფინანსება. 4. განათლების სამინისტრო არ ახალისებს ცვლილებებს კანონმდებლობაში, რომლითაც დარეგულირდება ალტერნატიული გადახდის შესაძლებლობა“ - ნათქვამია ენმ-ს განცხადებაში.  

ნაციონალური მოძრაობა მთავრობას შექმნილი პრობლემებიდან თავის დასაღწევად კონკრეტულ ნაბიჯებს სთავაზობს.

„1. სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის 2015 წლის ბიუჯეტში მიზნობრივად უნდა განისაზღვროს 10 მლნ. ლარი. ეს ის თანხაა, რაც სტუდენტების დაფინანსებას დააკლდა 2013-2014 წლებში. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ 2013 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხები სამინისტრომ სრულად არ გახარჯა და წელსაც, ბიუჯეტით ნაკისრი ვალდებულებები განათლების სამინისტროს მხოლოდ 79% პროცენტით აქვს შესრულებული. 2. შეიცვალოს დღეს არსებული დაფინანსების სისტემა და აღდგეს დაფინანსების ძველი წესი. არსებული თანხით შესაძლებელი გახდება ორჯერ მეტი სტუდენტის დაფინანსება. უნდა განხორციელდეს ორი კანონცვლილება: 3. საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს უფლება მიეცეთ, უმაღლესი განათლების ნებისმიერ საფეხურზე (ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის), სწავლის საფასურის სანაცვლოდ მოითხოვოს სამხედრო სამსახურის გავლა. 4. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში თავისუფალი მსმენელის ან სასერტიფიკაციო კურსის სტუდენტის მიერ მიღებული კრედიტები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ საფეხურზე ჩარიცხვის შემდეგ ჩაითვალოს გასავლელი აკადემიური პროგრამის უკვე დაძლეულ ნაწილად", - ნათქვამია განცხადებაში.

ენმ-ს წევრები განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვედრას და აღნიშნული პრობლემების განხილვას სთავაზობენ.

კომენტარები