-გუშინ ღამით რამდენიმე დღიანი დაკითხვების შემდეგ ბიზნესმენი გელა გურული დააკავეს. მას ილია კოკაია საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის სტადიონის ბაზის მშენებლობისას თანხების მითვისებას ედავება. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ საინფორმაციო სააგენტო FOR.GE- ისთვის მიცემულ ინტერვიუში გელა გურული ამბობდა, რომ ფინანსური პოლიციის ერთერთი დეპარტამენტის უფროსი, ლევან მიქაბერიძე, მისგან კოკაისა და კაპანაძის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის გატანას თხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაპატიმრებით ემუქრებოდა.
-თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გეგი ნიჟარაძე მერიის თანამშრომელზე ზეწოლის ამსახველ გუშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება. ის ადასტურებს საუბარში მონაწილეობას, თუმცა ზეწოლას გამორიცხავს. ჩანაწერზე დღეს პირველი კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა დავით ნარმანიამაც.
-საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საგარეოს განცხადებას ეხმაურება. მინისტრის მოადგილის, დავით ზალკალიანის თქმით, ჟენევაში ძალის გამოუყენებლობის შესახებ რუსეთის მიერ შეთავაზებულ ვარიანტზე არ უმსჯელიათ.
რუსეთის საგარეომ გუშინ განაცხადა, რომ განიხილებოდა რუსული პროექტი, რომელიც გულისხმობდა დისკუსიის მონაწილეთა მიერ ძალის გამოუყენებლობაზე საერთო განაცხადის გაკეთებას.
-ჩვენ შურს ვიძიებთ რუსეთზე „ - ე.წ. ისლამური სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრად წოდებული აბუ ომარ ალ შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი რუსეთის ფედერაციას ემუქრება. ინფორმაციას მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საშიში ტერორისტის მუქარის შესახებ ბათირაშვილის მამაზე დაყრდნობით სააგენტო ბლუმბერგი აქვეყნებს.
-გიორგი ბარამიძე აფხაზეთში მიწების გასხვისების შესახებ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას ეხმაურება და მას აბსურდულს და სახიფათოს უწოდებს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა გუშინ თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთში უძრავი ქონების და მიწების გასხვისების აკრძალვა გაუქმდება, ეს ერთმნიშვნელოვნად საქართველოს ინტერესების წინააღდმეგ აღქმულ არ უნდა იყოს.




