ჟენევის მოლაპარაკებები

საგარეო უწყება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 29-ე რაუნდზე

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 29-ე რაუნდის დროს ჩატარებული სამუშაო შეხვედრებისას, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, "თანათავმჯდომარეების ყურადღება მიპყრობილ იქნა უკანონო სამხედრო წვრთნებზე, საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დარღვევებზე, ადამიანის გატაცების მომატებული შემთხვევებზე, ყაჩაღობებსა და ე.წ. „საზღვრის უკანონო გადაკვეთის" ბრალდებით ადამიანების დაკავების შემთხვევებზე. ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელმა, ბატონმა ტოივო კლაარმა ადეკვატურად შეაფასა ადგილზე არსებული ვითარება და დაწვრილებით ისაუბრა იმ ინციდენტებზე, რომელთაც ადგილი ჰქონდათ საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს. არსებული უსაფრთხოების კონტექსტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, სრული შემადგენლობით, დროული აღდგენის საჭიროებას, რაც მექანიზმის შესახებ 2009 წლის 18 თებერვლის წინადადებებს უნდა დაეფუძნოს. მონაწილეებმა საქართველოდან უკიდურესი შეშფოთება გამოხატეს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ბოლოდროინდელ განცხადებაზე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გამშვები პუნქტების შესაძლო დახურვასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ ეს განზრახვა სისრულეში იქნება მოყვანილი, სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ადგილზე უსაფრთხოების მდგომარეობას, დაძაბავს ჰუმანიტარულ სიტუაციას, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ადგილობრივი მოსახლეობის საარსებო პირობებზე და ხელს შეუშლის ხალხთა შორის კონტაქტებს. მონაწილეებმა საქართველოდან მოუწოდეს თანათავმჯდომარეებს, მიმართონ ყველა შესაძლო ზომას, რათა მსგავსი ნაბიჯი თავიდან იქნას აცილებული.“

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მონაწილეებმა შეშფოთება გამოხატეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაციული ხასიათის ზომებთან დაკავშირებით ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების დარღვევების თაობაზე. ყურადღება გამახვილდა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებისა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაზეც. სამინისტროს ცნობით, საქართველოს დელეგაციამ კიდევ ერთხელ გამოხატა მზაობა, კონსტრუქციულად ჩაერთოს ძალის გამოუყენებლობის შესახებ ჟენევის მოლაპარაკებათა მონაწილეების განცხადების პროექტზე მუშაობის პროცესში და მოუწოდა თანათავმჯდომარეებს, განაახლონ პროცესი მოლაპარაკებათა მომდევნო, 30-ე რაუნდზეც.

"საქართველო ასევე მზადაა, გააგრძელოს ტრადიციულად კონსტრუქციული თანამშრომლობა თანათავმჯდომარეებთან და მათ გუნდებთან, რათა ორივე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში უზრუნველყოფილ იქნას დაუბრკოლებელი, არსებითი განხილვები და გადაიდგას ნაბიჯები მთავარი ამოცანის შესრულებისაკენ, კერძოდ, საქართველოსა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების სრული იმპლემენტაცის უზრუნველსაყოფად. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 29-ე რაუნდი 2014 წლის 8 ოქტომბერს გაიმართა და მის ფარგლებში ორი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით იყვნენ წარმოდგენილნი. მოლაპარაკებებს თანათავმჯდომარეობას უწევდნენ ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლები, ხოლო მასში მონაწილეობდნენ საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატებიის წარმომადგენლები, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები", - წერია განცხადებაში.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო, 30-ე რაუნდი 2014 წლის 9-10 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები