საიხან მუზაევი

NGO-ები საიხან მუზაევის უფლებების დარღვევაზე რეაგირებას ითხოვენ

"საქართველოს მოქალაქეს, საიხან მუზაევს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყნის დატოვების საშუალებას არ აძლევს და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გადაადგილების თავისუფლებას უზღუდავს", - ამის შესახებ ინფორმაციას ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს და საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს აღნიშნულ ფაქტზე სათანადო რეაგირებას სთხოვს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაშია ნათქვამი, საიხან მუზაევმა, რომელიც 2012 წლიდან საქართველოს მოქალაქეა, სასწავლო მიზნით დიდ ბრიტანეთში გამგზავრება გადაწყვიტა, თუმცა, 2014 წლის 13 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეაჩერეს და ქვეყნის დატოვების შესაძლებლობა არ მისცეს, რაც მოგვიანებით კიდევ 12-ჯერ განმეორდა.

ორგანიზაციების განცხადებით, "მუზაევი მისთვის ქვეყნის დატოვებაში ხელის შეშლას ე.წ. ლაფანყურის საქმეს უკავშირებს. მისი განცხადებით, საგამოძიებო ორგანოები აიძულებდნენ ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩვენების მიცემასა და იმ ინფორმაციის დადასტურებას, რომელსაც არ ფლობდა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მუზაევი თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს და მის მიმართ სხვა უკანონო ქმედებების განხორციელებას არ გამორიცხავს".

მუზაევმა მიმდინარე წლის მარტში შსს-ს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა, თუმცა, მას რეაგირება აქ მოჰყოლია, რის შემდეგაც მან სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, სადაც საქმის განხილვა დღემდე მიმდინარეობს.

"გვინდა, აღვნიშნოთ რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი არ გამოცხადებულა არცერთ სასამართლო პროცესზე და არ დაუფიქსირებია სამინისტროს პოზიცია, ხოლო სასამართლოში საქმის განხილვა უსაფუძვლოდ ჭიანურდება. მუზაევის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტზე ინფორმირებულია როგორც შსს-ს გენერალური ინსპექცია, ასევე პროკურატურა, თუმცა, მისი განცხადებები და საჩივრები რეაგირების გარეშე დარჩა", - ნათქვამია განცხადებაში.

საია-ს ადვოკატს კი, იმაზე, თუ რატომ ეზღუდებოდა საიხან მუზაევს გადაადგილების თავისუფლება, შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან აცნობეს, რომ მათთვის "უცნობია იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შესახებ, რაც საფუძვლად დაედო საიხან მუზაევის საქართველოს ტერიტორიის დატოვების უფლების შეზღუდვას".

"საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის თანახმად, "ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, შეუძლია თავისუფლად გავიდეს საქართველოდან. ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით". "საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ საქართველოს" კანონის თანახმად კი საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საზღვრის გადაკვეთაზე: თუ იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ ან თუ წარმოადგენს ყალბ ან ძალის არმქონე საბუთებს, რასაც ს.მუზაევის შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია", - ვკითხულობთ არასამთავრობოების განცხადებაში.

საიხან მუზაევის უფლებების დარღვევის ფაქტი დაადგინა სახალხო დამცველმაც. მისი რეკომენდაციით, საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლით დაცული მიმოსვლის თავისუფლებით დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევა დადგინდა, რამაც მოქალაქის კანონისმიერი უფლებები შელახა. მუზაევის უფლებების უხეშ დარღვევაზე მიუთითებენ უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციებიც.

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები არიან - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, ადამიანის უფლებათა ცენტრი, ადამიანის უფლებათა ინსტიტუტი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი.

კომენტარები