საქართველოს პრეზიდენტმა დღეს მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. საუბრის თემა ქართული მედიის წინაშე არსებული პრობლემები იყო. პრეზიდენტის თქმით, ბოლო დროს გავრცელდა ხმები, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა ქობულეთში საიდუმლო შეხვედრა გამართა და სადაც მედიის შევიწროვება დაიგეგმა. პრეზიდენტმა მოსალოდნელ განსაცდელში თანადგომა აღგვითქვა.
მთავარი პრობლემა, რომელიც შეხვედრაზე დაისახა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელქვეითების მიერ კრიტიკულ მედიაზე გამუდმებული თავდასხმაა. იერიში ორი მიმართულებით მიმდინარეობს. პატარა და დამწყები ტელევიზიების შემთხვევაში როგორიც ტაბულაა, ამ გზით ხდება რეკლამის მომცემთა დაშინება. მაგრამ გაცილებით უფრო სახიფათოა ის შეტევა, რომელსაც ივანიშვილი სატელევიზიო რეიტინგების დამდგენი კომპანიის წინააღმდეგ აწარმოებს. მოგეხსენებათ, რომ ტელევიზიების შემოსავლის წყარო არის რეკლამა, ხოლო ის თუ სად განთავსდება რეკლამა დამოკიდებულია რეიტინგებზე. აქედან გამომდინარე, თუ კი ვინმეს ტელევიზიების ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხელყოფა აქვს მიზნად დასახული, პირველ რიგში სწორედ რეიტინგების დადგენის პროცესზე უნდა მოიპოვოს კონტროლი.
ზუსტად ამას ცდილობს ივანიშვილის ხელისუფლება. ჯერ არსებულ კომპანიას შეესია ფინანსური პოლიცია. ხოლო ახლა, საუბარია იმაზე, რომ თავად ივანიშვილი ქმნის სარეკლამო ბაზრის კონტროლის მექანიზმს ასეთი კომპანიის სახით.
რთული წარმოსადგენია, როგორ შეძლებს თავად დაუცველი პრეზიდენტი მედიის დაცვას, მაგრამ მისი მხრიდან დახმარების სურვილი ცხადია მისასალმებელია.
ჩართვა - რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის მოადგილე, ზაალ უდუმაშვილი.




