საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყველა სამინისტროს ბიუჯეტი მათი მოთხოვნების შესაბამისად ვერ გაეზრდება, რადგან საქართველოს ამის საშუალება არ აქვს.
"ბიუჯეტი გაიზარდა 280 მილიონი ლარით. რა თქმა უნდა, ყველა სამინისტროს ვერ გაეზრდება ბიუჯეტი მათი მოთხოვნების შესაბამისად, ვინაიდან მათი მოთხოვნები იყო მილიარდ ლარზე მეტი ოდენობის და ბუნებრივია, საქართველოს ამის საშუალება არ აქვს, რომ მილიარდი ლარით დამატებით გავზარდოთ ბიუჯეტი. ჩვენ უნდა მოვიცადოთ", - აღნიშნავს ღარიბაშვილი. მისივე თქმით, ბიუჯეტი დაიგეგმა პრიორიტეტების მიხედვით. "ჩვენ გავზარდეთ ბიუჯეტის სოციალური ნაწილი. მოგეხსენებათ, რომ ძალიან წარმატებული პროექტი არის საყოველთაო დაზღვევა. ეს არის მთლიანობაში მუშა პროცესი, პარლამენტში ამის ძალიან აქტიური განხილვა მიდის და ჩვენ ერთი თვის თავზე გვექნება სრულყოფილთან მიახლოებული ბიუჯეტი", - თქვა პრემიერმინისტრმა.





