საჯარო ფინანსები

ნარმანია: საჯარო მოხელეებზე დანამატის გაცემის წესი წლის ბოლომდე იმოქმედებს

თბილისის მერიაში სახელფასო დანამატებთან დაკავშირებით თბილისის მერი, დავით ნარმანია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საჯარო მოსამსახურეებზე დანამატის გაცემის არსებული წესი იმოქმედებს მიმდინარე წლის ბოლომდე. ამჟამად მერია მუშაობს აღნიშნული საკითხის დარეგულირების მოდელზე, რაც საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

ნარმანია საკუთარ განცხადებაში ასევე განმარტავს, რომ სახელფასო დანამატების შესახებ ბრძანება სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს. 

"თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა ანაზღაურება (სახელფასო ფონდი თუ დანამატი) არ შეცვლილა. ამასთან, სახელფასო დანამატები გაიცემა იმ მოხელეებზე, რომელთაც, ერთი მხრივ, გააჩნიათ მაღალი თანამდებობრივი პასუხისმგებლობა, ხოლო მეორე მხრივ, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ათეულობით მილიონ ლარს განკარგავენ. ვფიქრობთ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებში დასაქმებულ მენეჯერთა ანაზღაურება მათი კვალიფიკაციის პირდაპირპროპორციული უნდა იყოს." - განმარტავს თბილისის მერი. 

თბილისის მერიამ უარი თქვა პრემიების გაცემის მანკიერ სისტემაზე და მას მოხელე მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაბამისი სამუშაოს შესრულებისას მიიღებს. - ხაზგასმულია განცხადებაში. 

კომენტარები