საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)

საია-მ შესაძლოა რუსთავი 2-ის ჟურნალისტის ძმის საქმის მოსამართლეს უჩივლოს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ იმ მოსამართლეს, რომელმაც რუსთავი 2-ის ჟურნალისტის არასრულწლოვანი ძმის საქმე განიხილა, შესაძლოა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უჩივლოს და დისციპლინური სასჯელი მოითხოვოს. ამის მიზეზი პროცესის დროს მოსამართლის მიერ ნათქვამი ფრაზაა: "იმედია, არავინ იტყვის იმას, რომ ამ ადამიანს ტაქსის მძღოლი ჩაუდეს". როგორც საია-ს თავმჯდომარე კახა კოჟორიძე განმარტავს, ორგანიზაციას ამის შესახებ ინფორმაცია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მიაწოდა, რაც რუსთავი 2-ის ჟურნალისტმაც დაადასტურა. კოჟორიძის თქმით, ახლა ის გარემოებებს აზუსტებს და ადვოკატებს სასამართლოს სხდომის ოქმის გამოთხოვა სთხოვა.

„მოსამართლემ ეს ფრაზა თქვა, სანამ ის გავიდოდა სათათბირო ოთახში გადაწყვეტილების მისაღებად. ფაქტობრივად, მან საკუთარი პოზიცია დააფიქსირა განჩინების გამოცხადებამდე, თქვა, რა პოზიცია აქვს, რა დამოკიდებულება აქვს ამ საკითხისადმი“, - აღნიშნავს კოჟორიძე და განმარტავს, რომ მოსამართლე კანონის თანახმად ნეიტრალური პირი უნდა იყოს და კონკრეტული ბრალდებულის მიმართ ასეთი ცინიკური დამოკიდებულების გამოხატვა მიუღებელია.

ამასთან, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტის ძმის საქმეზე კომენტარი პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხუთშაბათს, 2 ოქტომბერს გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი გათავისუფლება სასამართლოს თავისუფლებას ადასტურებს.

"სულ რამდენიმე დღის წინ რუსთავი 2-ის ჟურნალისტის ძმამ დააყაჩაღა ორი ტაქსის მძღოლი. ეს ფაქტი არ გააშუქა არცერთმა ტელევიზიამ, მე როგორც მახსოვს, ეს პიროვნება, არ ვიცი ვინ არის, მაგრამ სასამართლოს პირველმა ინსტანციამ გამოუშვა. ადამიანი, რომელიც იყო ბრალდებული 2 ადამიანის დაყაჩაღებაში გადამტვრეული ბოთლით, სასამართლომ გამოუშვა. და დღეს მე ვერ მივიღებ ვერავისგან იმ ბრალდებას, რომ თითქოს სასამართლო არ არის თავისუფალი. ეს არის დამადასტურებელი იმისა, რომ სასამართლო დღეს არის თავისუფალი", - თქვა პრემიერმა.

კომენტარები