ოკუპირებული აფხაზეთი

პრემიერი: ხაჯიმბას ინიციატივას გამშვებ პუნქტებზე, სიყვარულით ვპასუხობთ

IRAKLI GARIBASHVILI OFFICIAL/FACEBOOK.COM

ირაკლი ღარიბაშვილი აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების იმ ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც ენგურზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების შემცირებას ეხება. პრემიერის შეფასებით, მსგავსი ნაბიჯები შერიგების პროცესს არ დაეხმარება. ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვას და ექვსი გამშვები პუნქტის ნაცვლად ერთის დატოვებას გეგმავს.

"კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩვენს კეთილ სურვილს და მზადყოფნას, რომ ჩვენ გვსურს რეალურად შერიგების პროცესის დაწყება ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად. ის, რაც მოხდა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, არის ჩვენი ერის ტრაგედია. მიმაჩნია, რომ ეს არ არის გონივრული გადაწყვეტილება და აუარესებს ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას ადგილზე. ჩვენ ვართ მაქსიმალურად გახსნილი, რომ შერიგების პროცესი დაჩქარდეს და აღდგეს ნდობა ჩვენს ძმებს - აფხაზებსა და ქართველებს, ოსებსა და ქართველებს შორის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის ნებისმიერი სახის ჰუმანიტარული დახმარების გაუწიოს აფხაზეთის მოსახლეობას. როგორც პრემიერმა თქვა, შემთხვევითი არ არის, რომ გამყოფი ხაზის მიმდებარედ შენდება მულტიფუნქციური საავადმყოფო, სადაც აფხაზეთში მცხოვრები ადამიანები უფასოდ მკურნალობას შეძლებენ. მისივე თქმით, ასევე, შენდება მრავალფუნქციური სავაჭრო კომპლექსი, რათა გაადვილდეს მიმოსვლა, აღდგეს ნდობა, სავაჭრო-კულტურული და ხალხთა შორის ურთიერთობები. 

"ჩვენ მათ ამ ინიციატივას კიდევ უფრო მეტი სიყვარულით და სითბოთი ვპასუხობთ. მაგრამ მსგავსი ინიციატივები არ დაეხმარება ჩვენი შერიგების პროცესს. მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები კიდევ უფრო აუარესებს და ართულებს მას“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

კომენტარები