ზეწოლა თანამდებობის პირზე

მერია: აუდიტის სამსახური ისნის გამგებლის მოადგილის საქმეს სწავლობს

თბილისის მერიის განცხადებით, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახური ისნის გამგებლის მოადგილის, ბესიკ დონაძის მიერ კანონდარღვევის სავარაუდო ფაქტს სწავლობს. მერიის განმარტებით, საქმე ეხება დონაძის მიერ სამსახურებრივი ავტომანქანის დაზიანების დამალვასა და საწვავის არამიზნობრივ ხარჯვას. ამასთან, უწყება მოუწოდებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, "სრულად გაერკვნენ ვითარებაში და, ცალმხრივ ინფორმაციებზე დაყრდნობით, ნუ მოახდენენ შესაბამის რეაგირებას". მერიის განცხადებითვე, სისტემაში მომუშავე თუ გათავისუფლებულ მოხელეებს, რომლებიც თვლიან, რომ მათზე ზემოქმედება ხდება, სრული უფლება და შესაძლებლობა აქვთ, მიმართონ სასამართლოს. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ისნის რაიონის გამგებლის მოადგილეს, ბესიკ დონაძეს, თანამდებობის დატოვებას აიძულებენ. ზეწოლის ფაქტს თავად დონაძეც ადასტურებს.

"2013 წლის აგვისტოში თბილისის მერიამ ისნის რაიონის გამგეობას გადასცა ავტომანქანა „ჰიუნდაი I-20“ (სანომრე ნიშნით - BBU 869), რომელიც სარგებლობისთვის გადაეცა გამგებლის მოადგილე ბესიკ დონაძეს. 2013 წლის ოქტომბრის ბოლოს ავტომანქანა ავტოსაგზაო შემთხვევისას დაზიანდა. დონაძეს ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ინფორმაცია სადაზღვევო კომპანიისთვის არ მიუწოდებია. აღნიშნული ავტომანქანა ამ დრომდე არ შეკეთებულა, დგას კერძო პირის ავტოფარეხში და მისით დონაძე ფიზიკურად აღარ სარგებლობს. ამის მიუხედავად, ამ პერიოდში, როცა ავტომობილი ექსპლუატაციაში არ არის, მასზე დარიცხული საწვავის ბარათით 8 თვის განმავლობაში - 2014 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით - 1 659.00 ლიტრი საწვავის გახარჯვაა დაფიქსირებული. მათ შორის, საწვავის შევსების ფაქტები ფიქსირდება ქ. თბილისის ფარგლებს გარეთაც. კერძოდ: 2014 წლის 17 თებერვალს საწვავი ჩასხმულია სოფ. ქვიტირში (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი), ხოლო 2014 წლის 26 მარტს - სოფ. ოკამში (კასპის მუნიციპალიტეტი). აღნიშნულ საკითხს ამჟამად თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახური სწავლობს და კანონდარღვევის დადასტურების შემთხვევაში, განხორციელდება შესაბამისი რეაგირება", - აცხადებს თბილისის მერია.

კომენტარები