ჰაჯი საუდის არაბეთში

პილიგრიმებს ებოლასგან დაზარალებული ქვეყნებიდან ჰაჯში მონაწილეობა ეკრძალებათ

Dilek Mermer / Getty Images

ყოველწლიურ ჰაჯზე საუდის არაბეთის სამეფოში დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი ჩავიდა, თუმცა პილიგრიმების გარკვეულ ნაწილს ქვეყანაში შესვლის ნებართვა არ მისცეს.

საუდის არაბეთის მთავრობამ ებოლას ვირუსთან მებრძოლი სამი ქვეყნის წარმომადგენლებს ჰაჯზე ჩასვლა აუკრძალა. ლიბერიიდან, სიერა ლეონედან და გვინეიდან მექაში ჩასვლის მსურველ 7400 ადამიანს ვიზაზე უარი უთხრეს.

საუდის არაბეთის საავადმყოფოები აქტიურად ემზადებიან სიტუაციის გასაკონტროლებლად. აეროპორტებში მობილიზებულია სამედიცინო პერსონალი.

საუდის არაბეთი ვიზებს გასცემს ნიგერიიდან მომავალ პილიგრიმებზე, რომელთათვისაც საუდის არაბეთის მეფე აბდულაზიზის საერთაშორისო აეროპორტმა სპეციალური უსაფრთხოების ზომები მიიღო.

საუდის არაბეთმა პილიგრიმები კენიიდან და კონგოდანაც მიიღო, სადაც ასევე დაფიქსირდა ებოლას შემთხვევები. მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებით, აეროპორტების ჯანმრთელობის ინსპექციის სამსახურებმა ყურადღებით გამოიკვლიეს მგზავრები და მათ შორის ებოლას ვირუსის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ოთხშაბათს, 1-ლ ოქტომბერს გამოქვეყნებული მონაცემებით, დასავლეთ აფრიკაში ებოლას ვირუსის მსხვერპლთა რაოდენობამ 3338 ადამიანს მიაღწია.

კომენტარები