NATO-ს უელსის სამიტი

ვოკერი: საწყენია, რომ კომუნიკეს ტექსტში 31-ე პარაგრაფი მოხვდა

ირაკლი ბლუიშვილი / ტაბულა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის NATO-ში კურტ ვოკერის განცხადებით, "NATO-ს წევრებს შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც არ უნდათ, საკუთარ თავზე აიღონ იმ ქვეყნების დაცვის ვალდებულება, რომელთაც მიმდინარე კონფლიქტები აქვთ რუსეთთან. ასე უყურებენ ისინი აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს და დნესტრისპირეთს". ვოკერმა ტაბულასთან ინტერვიუში NATO-ს უელსის სამიტის დეკლარაციის 31-ე პარაგრაფი შეაფასა, რომელშიც ნათქვამია - "კონფლიქტების არსებობა განსაკუთრებული შეშფოთების საგანს წარმოადგენს, რადგანაც ზიანს აყენებს რეგიონის მოქალაქების შესაძლებლობას, მიაღწიონ ევროატლანტიკური საზოგადოების სრულ წევრობას". 

"ვფიქრობ, ეს არასწორია. ვფიქრობ, რომ ამგვარი მიდგომა რუსეთს ვეტოს უფლებას აძლევს ამ ქვეყნების NATO-ში გაწევრიანებასთან მიმართებით. უფრო მეტიც, საუკეთესო მაგალითია NATO-ს მიერ დასავლეთ გერმანიის გაწევრიანება, მაშინ როდესაც საბჭოთა კავშირმა აღმოსავლეთ გერმანია დაიპყრო. ეს ზუსტად რომ ძალიან სწორი ნაბიჯი იყო გერმანული საზოგადოების დასაცავად და გადასარჩენად, იმისთვის რომ მას გაერთიანების შესაძლებლობა ჰქონოდა მომავალში. კომუნიკეს 31-ე პარაგრაფის ენა ბუნდოვანია. საწყენია, რომ ტექსტში მსგავსი რამ საერთოდ არის. მაგრამ ხელებსაც არ გიკრავთ. იქ ისე კონკრეტულად არაფერი წერია, რომ ფორმალურად შეიზღუდოთ. მთავარია, ყველამ, ვინც ამ საკითხებზე ვმუშაობთ, ცხადად ვთქვათ, რომ მიუღებელია რუსეთისთვის ვეტოს უფლების მინიჭება", - განაცხადა ვოკერმა. მისივე თქმით, კარგია, რომ "NATO-მ ქართულ არმიასთან თანამშრომლობა სრულად აღადგინა". ვოკერის განცხადებით, 2008 წლის ომის შემდეგ, ძალიან რთული იყო ალიანსის წევრების დარწმუნება იმაში, რომ საქართველოსთვის სამხედრო დახმარება ან მხარდაჭერა გაეწიათ.

"NATO-ს წევრი რამდენიმე ქვეყანა ძალიან ყოყმანობდა. შეერთებული შტატებიც კი, პრეზიდენტი ობამას გადატვირთვის პოლიტიკის ფარგლებში, თავს იკავებდა პირდაპირი სამხედრო მხარდაჭერის აღმოჩენისაგან. ეს მოგვარდა და ძალიან კარგია. კარგია, რომ ქართულ არმიასთან თანამშრომლობა სრულად აღდგა. უარყოფითი მხარე ისაა, რომ არანაირი ცვლილება არ მომხდარა ალიანსის წევრების დამოკიდებულებაში საქართველოს NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ დიდი წინააღმდეგობა არსებობს, როცა საქმე რუსეთის გაღიზიანებაზე მიდგება. მიზეზად იმას ასახელებენ, რომ ქართული დემოკრატია და ეკონომიკა ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს სათანადო სტანდარტს იმისთვის, რომ თუნდაც გაწევრიანების სამოქმედო გეგმა მოიპოვოს. ვფიქრობ, ეს ძალიან საწყენია, მაგრამ დღეს ეს რეალობაა NATO-ში", - თქვა ვოკერმა ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები