სტიქია დასავლეთ საქართველოში

პრემიერი: სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ზიანს სახელმწიფო აუნაზღაურებს

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, "სტიქიის შედეგად დაზარალებულ ყველა ოჯახს ზიანს სახელმწიფო აუნაზღაურებს". როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თქვა, დღეს სტიქიის ზონაში ჩავა და შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნობა. მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და გართულებები მოსალოდნელი არ არის.

„ჩემი დავალებით შექმნილია საგანგებო შტაბი, მობილიზებულია ყველა სამინისტროს თანამშრომელი, სტიქიის ზონაში იმყოფებიან მინისტრები და მათი მოადგილეები, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, რათა მაქსიმალურად მოკლე ვადაში მოხდეს სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია. ამ ეტაპზე, ანტიკრიზისული ღონისძიებების გასატარებლად ადგილზე მობილიზებულია 774 ერთეული მძიმე ტექნიკა, 22 ერთეული წყლის საქაჩი ტუმბო, შინაგან საქმეთა სამინისტროს 2000-მდე თანამშრომელი და სასწრაფო დახმარების 94 ეკიპაჟი, რათა თითოეულ გამოძახებაზე მოხდეს მაქსიმალურად დროული და ეფექტიანი რეაგირება“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

გუშინ ძლიერმა წვიმამ  და უხვმა ნალექმა ოზურგეთი განმეორებით დატბორა. რამდენიმე საათის განმავლობაში მთლიანად პარალიზებული იყო ქალაქის დიდი ნაწილი. დაიტბორა მაღაზიები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. ოზურგეთის სოფელ სოფელ ნატანებში ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო, რის გამოც 14 ოჯახი ცენტრს მოწყდა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლებიც. სოფელ შემოქმედიდან კი სამი ოჯახის ევაკუაცია მოხდა. სტიქიამ პრობლემები შეუქმნა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტსაც. სოფელ ნიგოეთში ადიდებულმა წყალმა ხიდი წაიღო, მოსახლეობას ტექნიკა, ავეჯი და მიწის ნაკვეთები გაუნადგურდა. რამდენიმე დღის წინ, ასევე დაიტბორა აჭარის სოფლები და ქალაქი ბათუმი.  

კომენტარები