ფინანსები

ევროკავშირმა შესაძლოა Apple გადასახედების დამალვისთვის დააჯარიმოს

valuewalk.com

CNBC-ის ცნობით, ევროკავშირმა Apple-ს შესაძლოა მნიშვნელოვანი ფინანსური სანქციები დაუწესოს. საქმე Apple-ის ირლანდიის ოფისს ეხება. კომპანიას ამ ოფისიდან მიღებული შემოსავლების სავარაუდო დამალვასა და უკანონო ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებაში სდებენ ბრალს.

ევროკომისია Apple-ის საქმიანობით ივნისში დაინტერესდა, რისთვისაც სპეციალური საგამოძიებო კომისიაც შეიქმნა. Apple-ი ირლანდიაში მხოლოდ 2%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის, სწორედ ამიტომ დაინტერესდა ევროკომისია ირლანდიური ოფისის საქმიანობით, რომელიც წლების მანძილზე მსხვილი ფულადი გადარიცხვების მონაწილე პუნქტი იყო. ევროკომისიის აზრით, Apple-ი ირლანდიის ოფისს მთელი ევროპიდან მიღებული არარეგისტრირებული ფინანსების მართვისთვის იყენებდა.

Apple-ი ირლანდიაში 1980 წლიდან ოპერირებს. ევროკომისიის დაინტერესება 1991 წელს დადებულმა ხელშეკრულებამ გამოიწვია, რომელიც კომპანიასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის დაიდო. Apple-ის ფინანსური დეპარტამენტის უფროსმა ლუკა მაესტრიმ Financial Times-თან თქვა, რომ კომპანიასა და ირლანდიის ხელისუფლებას შორის არ დადებულა განსაკუთრებული ხელშეკრულება, რომელიც Apple-ს სხვა კომპანიებთან შედარებით უფრო მეტ ფინანსურ თავისუფლებას აძლევდა.

კომისიას მუშაობა არ დაუმთავრებია, თუმცა მისი წინასწარი შეფასებით, Apple-მა გასული ათწლეულის მანძილზე ოფშორული კომპანიების დახმარებით ირლანდიის ოფისიდან დაუბეგრავი $137 მილიარდი გადარიცხა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში Apple-ს მნიშვნელოვანი ფინანსური სანქცია დაეკისრება.

ევროკომისია სხვა მსხვილი კომპანიების საქმიანობითაც არის დაინტერესებული, მათ შორისაა Starbucks-სა და ნიდერლანდების სამეფოს შორის და Fiat-სა და ლუქსემბურგს შორის დადებული ხელშეკრულებები. 

კომენტარები