საბანკო სექტორი

EBRD-მა საქართველოს ბანკის 5%-იანი წილი გაყიდა

საქართველოს ბანკი

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 23 სექტემბერს ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ბანკის აქციები გაყიდა და ამ გზით კერძო ბანკის 5%-იანი წილი გაასხვისა. აქციების მფლობელი, RBC Capital Markets-ისა და UBS Limited-ის დახმარებით, ინვესტორთა საერთაშორისო წრე გახდა.

EBRD-ის მიერ გასხვისებული აქციების რაოდენობამ 1 795 503 შეადგინა, თითოეულის ფასი კი 24.98 გირვანქა სტერლინგი იყო. EBRD-ის შემოსავალმა ტრანზაქციიდან 44 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადააჭარბა.

EBRD-ისა და საქართველოს ბანკის ურთიერთობა 1995 წლიდან დაიწყო. EBRD-ის პარტნიორობით საქართველოს ბანკმა მრავალი პროდუქტი შეიმუშავა. EBRD- მა საქართველოს ბანკს ფინანსური დახმარება 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროსაც აღმოუჩინა. 

EBRD-ის ფინანსურმა დირექტორმა ნიკ ტესიმენმა განმარტა, რომ საქართველოს ბანკი უკვე აღარ საჭიროებს EBRD-ის ფინანსურ დახმარებას, რადგანაც მან უკვე მიაღწია სათანადოდ მყარ ფინანსურ მდგომარეობას საკუთარი განვითარების გზაზე.

საქართველოს ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გილაური აღნიშნავს, რომ დახმარება, რომელიც EBRD-მა უკანასკნელი 19 წლის განმავლობაში საქართველოს ბანკს აღმოუჩინა, მნიშვნელოვანი და დასაფასებელია.

ამჟამად საქართველოს ბანკის აქციის ფასი ლონდონის საფონდო ბირჟის მონაცემებით 24.08 გირვანქა სტერლინგია, ხოლო 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე საქართველოს ბანკის აქციის ფასი 10,62 გირვანქა სტერლინგიდან დაახლოებით 127%–ით არის გაზრდილი. 

კომენტარები