აშშ-საქართველოს ურთიერთობა

ფანჯიკიძე: ობამას და ღარიბაშვილს მეამბოხეების გაწვრთნის თემაზე არ უსაუბრიათ

Irakli Garibashvili official/Facebook.com

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას სირიელი მეამბოხეების გაწვრთნის შეთავაზების თემაზე არ უსაუბრიათ. ინტერპრესნიუსის კორესპონდენტის ცნობით, ამის შესახებ ფანჯიკიძემ ნიუ იორკში თქვა.

"მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა, ისევე, როგორც ეს თემა არ დგას დღის წესრიგში და საქართველო არ მიიღებს მონაწილეობას ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლაში სამხედრო თვალსაზრისით, არავითარ შემთხვევაში. ეს განცხადება მე მგონი ყველამ გააკეთა", - აღნიშნა ფანჯიკიძემ.

ამერიკის პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერმა გუშინდელ ღონისძიებაზე მცირე ხნით ისაუბრეს, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და მისი მეუღლის მიწვევით იმყოფებოდა.

"ეს არ იყო ჩვეულებრივი შეხვედრა, რადგან მასზე მიწვეული იყო 200-მდე ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელი მეუღლით და მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი. ანუ ეს არ იყო ორმხრივი შეხვედრა, მაგრამ მიუხედავად ამისა, პრემიერს ჰქონდა საშუალება, ამერიკის პრეზიდენტს მცირე ხნით გასაუბრებოდა", - აღნიშნა ფანჯიკიძემ და დასძინა, რომ "იყო ზოგადი საუბარი, მოკითხვა და ქვეყნის შესახებ მცირე ინფორმაციის მიწოდება".

ამერიკულმა გამოცემამ Foreign Policy-მა 23 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველომ აშშ-ს ისლამისტების წინააღმდეგ საწვრთნელი ცენტრის საკუთარ ტერიტორიაზე შექმნა შესთავაზა. გამოცემას ექსკლუზიური ინფორმაცია, რომელიც შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მაღალჩინოსნისგან მოიპოვა, აშშ-ში საქართველოს ელჩმა არჩილ გეგეშიძემ დაუდასტურა. მოგვიანებით, ელჩმა ეს ინფორმაცია უარყო და ჟურნალისტის შეცდომას მიაწერა. Foreign Policy-ს გარდა, საქართველოს ინიციატივის შესახებ ინფორმაცია Reuters-ზე დაყრდნობით New York Times-მაც გაავრცელა.

კომენტარები