აშშ-საქართველოს ურთიერთობა

Foreign Policy-მ მეამბოხეების საქართველოში გაწვრთნის შესახებ სტატია განაახლა

foreignpolicy.com

ამერიკულმა გამოცემა Foreign Policy-მ საქართველოს ტერიტორიაზე სირიელი მეამბოხეების შესახებ გამოქვეყნებული სტატია განაახლა. სტატიაში ვკითხულობთ, რომ მეამბოხეების გაწვრთნის ინიციატივა ქართულმა მხარემ აშშ-ის თავდაცვის მდივანს ჩაკ ჰეიგელს თბილისში ვიზიტის დროს შესთავაზა. პენტაგონში შეთავაზებას განიხილავდნენ, თუმცა ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ ქართველმა ოფიციალურმა პირებმა ეს ინიციატივა უარყვეს. 

იქვე ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ თავდაცვის სამინისტრომ მეამბოხეების საქართველოში გაწვრთნის ინფორმაცია არ უარყო. თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საქართველო განიხილავს, თუ რა ფორმით მიიღებს ISIS-ის წინააღმდეგ კოალიციაში მონაწილეობას. 

ხსენებულ საკითხზე ინფორმაცია Foreign Policy-მ სამშაბათს 23 სექტემბერს გაავრცელა, რომელსაც ინფორმაცია აშშ-ში საქართველოს ელჩმა, არჩილ გეგეშიძემ დაუდასტურა. მოგვიანებით, ელჩმა ეს ინფორმაცია უარყო და ჟურნალისტის შეცდომას მიაწერაForeign Policy-ს გარდა, საქართველოს ინიციატივის შესახებ ინფორმაცია Reuters-ზე დაყრდნობით New York Times-მაც გაავრცელა.


კომენტარები