აშშ-საქართველოს ურთიერთობა

ენმ: რამდენად გააზრებული აქვს მთავრობას მეამბოხეების გაწვრთნის სერიოზულობა?

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი კანდელაკის შეფასებით, სირიელი მეამბოხეების საქართველოში გაწვრთნასთან დაკავშირებით "ეს წინააღმდეგობრივი განცხადებები სხვადასხვა უწყების მხრიდან, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ქაოსს და არააკოორდინირებას, რასაც ადგილი აქვს მთავრობის შიგნითვე". როგორც კანდელაკმა აღნიშნა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მხარს უჭერს თანამშრომლობას საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან, შეერთებულ შტატებთან, მაგრამ სირიელი მეამბოხეების საქართველოს ტერიტორიაზე წვრთნა ძალიან სერიოზული საკითხია.

"კითხვა შემდეგია, რამდენად გააზრებულია ამ საკითხის სერიოზულობა ამ მთავრობის პირობებში, სადაც უსაფრთხოების სფერო აბარია ჭიკაიძეს და ღარიბაშვილს", - თქვა კანდელაკმა.

ცნობისთვის, ინფორმაცია, რომ საქართველო აშშ-ს სირიელი მეამბოხეების საკუთარ ტერიტორიაზე გაწვრთნას სთავაზობს, გუშინ Foreign Policy-მა აშშ-ში საქართველოს ელჩ არჩილ გეგეშიძეზე დაყრდნობით გაავრცელა. გეგეშიძის თქმით, საქართველომ ისლამისტების წინააღმდეგ საწვრთნელი ცენტრის საკუთარ ტერიტორიაზე შექმნა შესთავაზა, თუმცა, ოფიციალური დასტური თეთრი სახლისგან არ მიუღია. მოგვიანებით, ელჩმა ეს ინფორმაცია უარყო და ჟურნალისტის შეცდომას მიაწერაამერიკული გამოცემა Foreign Policy-ს რედაქტორმა კი უარყო, რომ ჟურნალისტმა შეცდომა დაუშვა შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის ციტირებისას. 

საქართველოს ინიციატივის შესახებ Reuters-მაც დაწერა, რომლის სტატიაც New York Times-მა გამოაქვეყნა. სტატიაში საუბარია იმაზე, რომ საქართველოს მთავრობამ შეერთებულ შტატებს თავის ტერიტორიაზე სირიელი მეამბოხეების საწვრთნელი ბაზის შექმნა შესთავაზა, თუმცა ვაშინგტონს ჯერ არ გადაუწყვეტია, დათანხმდება თუ არა თბილისის შეთავაზებას. სტატიის მიხედვით, აღნიშნულ ინფორმაციას აშშ-ის ოფიციალური პირები ადასტურებენ.

განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭომაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ანტიტერორისტულ კოალიციაში საქართველოს მონაწილეობა მხოლოდ ჰუმანიტარული სახის იქნება და საქართველოს ტერიტორიაზე საწვრთნელი ცენტრის შექმნა და სამხედრო კონტიგენტის გაგზავნა არ განიხილება. საქართველოს ტერიტორიაზე სირიელი მეამბოხეების გაწვრთნის ინიციატივა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემაც უარყო

განცხადება თავდაცვის სამინისტრომაც გააკეთა, სადაც გავრცელებული ინფორმაცია უარყოფილი არ არის. 

კომენტარები