საქართველოს ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკური ზრდა დაგეგმილ 5%-იან ნიშნულს უტოლდება

ადგილობრივი მოსახლე ალგეთის ხეობაში გზის პირზე ბოსტნეულს ყიდის
ტაბულა

2014 წლის მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.4% შეადგინა. 2013 წლის შესაბამის პერიოდში ზრდამ მხოლოდ 1.5% შეადგინა. 

აღსანიშნავია, რომ ომის შემდგომ პერიოდში, 2010-2012 წლებში, წლის მეორე კვარტალში ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7.5% იყო და საშუალოდ ეკონომიკა ყველაზე სწრაფად სწორედ ამ კვარტალში იზრდებოდა. 

2014 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკა 7.1%-ით გაიზარდა, რასაც ეკონომისტები 2013 წლის ბოლო კვარტალიდან გადმოყოლილ ზრდად ახასიათებენ, რაც საბიუჯეტო სახსრების ჭარბად ხარჯვის შედეგად დაფიქსირდა. შეგახსენებთ, რომ 2013 წელს ეკონომიკა 3%-ით გაიზარდა, რაც უმეტესწილად 2013 წლის ბოლო კვარტალში სახელმწიფოს მიერ დახარჯული 600 მილიონი ლარით გამოწვეულმა 7.1%-იანმა ზრდამ განაპირობა. 

2014 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკამ ზრდის ტემპი 7.1%-ზე შეინარჩუნა, მეორე კვარტალში კი შენელდა და 5.4%-ს გაუტოლდა. 

2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 5%-იან ზრდაზეა გათვლილი. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ 22 სექტემბერს ლონდონის Bloomberg-ის ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებზე ისაუბრა, სადაც ასევე აღნიშნა, რომ სავარაუდოდ საქართველოს ეკონომიკა დაგეგმილი 5%-ით გაიზრდებოდა, მიუხედავად რეგიონში არსებული რთული მდგომარეობისა, რასაც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები და უკრაინის კრიზისი განაპირობებენ. ქადაგიძე 2015 წელს 6%-იან ზრდას ელოდება. 

2014 წლის ბიუჯეტის ანგარიშის თანახმად, იანვარ-ივნისში ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 400 მილიონი ლარით არის გარღვეული. ეს შეიძლება გახდეს იმისი წინაპირობა, რომ ეკონომიკა 2014 წლის მეოთხე კვარტალში უფრო სწრაფად გაიზარდოს, ვიდრე ეს დაგეგმილია. თუმცა, ამასთანავე, ამას შეიძლება მოჰყვეს ლარის გაუფასურება. ტაბულასთან საუბარში ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე აღნიშნავს, რომ წლის ბოლოს ლარის გაუფასურება და სავალუტო რეზერვების დახარჯვის თავიდან არიდება დამოკიდებულია მთავრობის პოლიტიკურ ნებაზე, სხვა შემთხვევაში შესაძლოა განმეორდეს 2013 წლის სცენარი, როდესაც ეროვნულმა ბანკმა 500 მილიონ დოლარამდე დახარჯა გაუფასურებული ლარის გასამყარებლად, რათა არ შეირყეს ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა. ნამჩავაძის თქმით, ეროვნულ ბანკს და ფინანსთა სამინისტროს მოუწევთ თანამშრომლობა, რომ არ განმეორდეს ის, რაც 2013 წელს მოხდა.

საწარმოო საქმიანობიდან ეკონომიკაში შემოსული თანხების თითქმის 85% მსხვილი ბიზნესოპერაციებიდან არის. მცირე და საშუალო ბიზნესები ეკონომიკის საწარმოო ბრუნვის დანარჩენ 15%-ს შეადგენენ. 85%-მდეა მსხვილი ბიზნესების მიერ გამოშვებული პროდუქციის წილიც მთლიანად საწარმოო ბაზარზე.  

აღსანიშნავია, რომ საშუალო ხელფასმა მსხვილ ბიზნესებში დასაქმებულთა შორის 1 000 ლარს გადააჭარბა, საშუალო და მცირე ბიზნესებისათვის ეს მაჩვენებელი შესაბამისად 680 და 470 ლარით განისაზღვრა.

საქართველოს ეკონომიკის შედარებით მდგრადობას რეგიონული კრიზისის დროს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე იმ სტრუქტურულ რეფორმებს მიაწერს, რომელიც ბოლო 10 წლის მანძილზე ხორციელდებოდა და რომელმაც საქართველოს ეკონომიკა მიმზიდველი გახადა ინვესტორებისათვის. ამან, თავის მხრივ, განაპირობა ის, რომ საქართველო ერთ კონკრეტულ სავაჭრო პარტნიორზე არ არის დამოკიდებული და შეუძლია რისკების დივერსიფიკაცია. ამიტომაც ეკონომიკური ზრდის პროგნოზი სტაბილურია, რასაც საერთაშორისო სააგენტოების რეიტინგებიც ადასტურებენ

კომენტარები