საქართველოს ეკონომიკა

ქადაგიძე: გაგვიმართლა, რომ ჩვენი ეკონომიკა რუსეთზე არ არის დამოკიდებული

გიორგი ქადაგიძე
საქართველოს ეროვნული ბანკი

წელს ზრდა სავარაუდოდ 5%-ზე ოდნავ მეტი გვექნება, მომავალ წელს საქართველოს ეკონომიკა უკვე 6%-ით გაიზრდება, - ასე შეაფასა საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ Bloomberg-ის ლონდონის ბიუროსთან ინტერვიუში

წამყვანის კითხვაზე, ექცეოდა თუ არა საქართველო რისკის ქვეშ იმ შემთხვევაში, თუ რეგიონში, განსაკუთრებით კი რუსეთში, მდგომარეობა გაუარესდებობდა, ქადაგიძემ განმარტა, რომ საქართველო ერთხელ უკვე იმყოფებოდა მსგავს სიტუაციაში, როდესაც 2006 წელს რუსეთმა სავაჭრო ემბარგო დაუწესა.

მაშინ როდესაც საქართველოს ეკონომიკას ორციფრიან ვარდნას უწინასწარმეტყველებდნენ იმ სტრუქტურული რეფორმების ხარჯზე, რომელიც წლების მანძილზე ტარდებოდა, 2006 წლამდეც და მას შემდეგაც, ქვეყანამ კრიზისი შედარებით კარგად გადაიტანა, - განმარტა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

ქადაგიძეს მიაჩნია, რომ ახლაც ბევრად უკეთეს სიტუაციაშია საქართველო, ვიდრე ბევრი სხვა ქვეყანა რეგიონში. ეკონომიკურ მდგრადობას კი ბოლო 10 წლის განმავლობაში გატარებულ რეფორმებს მიაწერს, რომლის დამსახურებაცაა ის, რომ საქართველოში ინვესტორებისთვის მიმზიდველი გარემოა დაბალი გადასახადებითა და ლიბერალური ბიზნესგარემოთი.

ჩვენ გაგვიმართლა იმ მხრივ, რომ რუსეთთან ვაჭრობის წილი საქართველოს ეკონომიკაში იმდენად მცირეა, რომ ის კრიზისი, რომელსაც რუსეთი განიცდის, ჩვენზე ნაკლებად აისახება, - ამბობს ქადაგიძე Bloomberg-თან საუბარში. 

ინტერვიუს მიმდინარეობისას, რუსეთის ფულადი გადარიცხვის სისტემა SWIFT-დან გამოთიშვის შემთხვევაში შესაძლო ეფექტებზეც იყო საუბარი. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში შემომავალი ფულადი გზავნილების 60%-მდე რუსეთიდან შემოდის. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თქვა, რომ ამ მხრივ საქართველოს საფრთხე არ ემუქრება, რადგან გარდა საბანკო გადარიცხვებისა, არსებობს სხვა ტიპის ფინანსური კომუნიკაციის საშუალებები და მთლიანად ჩაკეტილი ფინანსური სისტემა დღესდღეობით არ არსებობს. 

ქადაგიძემ ასევე ისაუბრა საქართველოს, როგორც რეგიონის ეკონომიკური ჰაბის მნიშვნელობაზე მეზობელი და ცენტრალური აზიის ქვეყნებისათვის. მან განმარტა, რომ ბოლო 10 წელს დიდი ეფექტი ჰქონდა ქვეყნის ეკონომიკაზე, რაც შესაძლებელს ხდის იმას, რომ საქართველო გახდეს რეგიონის ლოგისტიკური, ტურისტული და კულტურული ჰაბი. 

კომენტარები