ცეცხლსასროლი იარაღი

წვრილმანი ხულიგნობისთვის სახდელდადებულ პირს იარაღის შენახვის უფლება არ ექნება

news.ge

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, "ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებაზე ვერავინ მოიპოვებს ნებართვას, თუკი ის წარსულში მსჯავრდებული იყო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის". ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების უფლებას ვერ მოიპოვებს ვერც ის პირი, რომელიც ნაკლებად მძიმე დანაშაულზე, იარაღის გამოყენებით ან ძალადობით იყო მსჯავრდებული. ამასთან, როგორც წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა, ახალი ცვლილებების თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების უფლებას ვერ მოიპოვებს ის ადამიანიც, რომელიც ადმინისტრაციული წესით სახდელდადებულია წვრილმანი ხულიგნობისთვის, საჭესთან მთვრალ მდგომარეობაში ჯდომისთვის, ან პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის. იარაღის კანონში შესატანი ახალი რეგულაციები მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა. 

"ეს პირები, მიუხედავად იმისა, აქვთ მოხსნილი და გაქარწყლებული თუ არა ნასამართლობა, ვერ მიიღებენ ნებართვას ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებაზე, შესაბამისად, შს სამინისტროს სერვისების მომსახურების სააგენტო ამ კანონის ძალაში შესვლიდანვე გასცემს ახალი ტიპის ცნობებს, რომელიც არ იქნება ნასამართლობის ცნობა, არამედ ეს იქნება ცნობა მსჯავრდების შესახებ. ასეთ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არ ექნება იმას, პირს აქვს მოხსნილი, გაქარწყლებული თუ არა ნასამართლობა", - განაცხადა თეა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ ცვლილების თანახმად, პირს, რომელიც უცხოეთიდან დეპორტირებული იქნა სიცოცხლის ან ჯანმრთელობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენისთვის, საქართველოში არ ექნება იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების უფლება.

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განმარტებით, ის პირი, ვინც ითხოვს ნებართვას იარაღის შეძენაზე, შენახვაზე ან ტარებაზე, აუცილებლად უნდა იყოს 23 წელს მიღწეული. ცვლილებები ეხება იარაღის შენახვის წესსაც - იარაღი უნდა იყოს დაშლილი, განმუხტულ მდგომარეობაში და სხვადასხვა თავისებურებებით შენახული.

ახალი რეგულაციების მიხედვით, იარაღის უკანონოდ ტარება აღარ იქნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის და გადავა მძიმე დანაშაულის კატეგორიაში. კერძოდ, ჯარიმა, როგორც სანქცია, უქმდება და შემოდის თავისუფლების აღკვეთა არა 3-დან 5 წლამდე, არამედ 4-დან 6 წლამდე. ასევე, ცვლილება შედის სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველ ნაწილშიც, რომელიც იარაღის უკანონო შეძენას და შენახვას ეხება. ამ შემთხვევაშიც, პირისთვის, რომელიც უკანონოდ შეიძენს და შეინახავს იარაღს ახალი წესების დარღვევით, ჯარიმა აღარ იქნება სანქცია; სასჯელი კი იქნება 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ცვლილებების მიხედვით, ყველა ის პირი, რომელსაც უნდა მოიპოვოს ნებართვა ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებაზე, ვალდებული იქნება, გაიაროს გამოცდა.

იარაღის კანონის გამკაცრება იუსტიციის მინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე კვირის წინ, მთავრობის სხდომაზე დაავალა.

კომენტარები