სასოფლო-სამეურნეო მიწები

განქორწინებისას, უცხოელ მეუღლეს სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისება მოუწევს

news.ge

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, "შერეული ქორწინებების შემთხვევაში, როდესაც ერთი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა, მეორე უცხოელი, ხოლო  სასოფლო-სამეურნეო მიწა მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, განქორწინების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქე ყოფილ მეუღლეს ეძლევა უფლება, უპირატესი შესყიდვის წესით დაეუფლოს თავისი ყოფილი უცხოელი მეუღლის ქონებას, რომელიც არის სასოფლო მიწა. ყოფილ უცხოელ მეუღლეს კი, ეკისრება ვალდებულება, გაასხვისოს სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომელსაც ის ფლობდა ყოფილ მეუღლესთან ერთად თანასაკუთრებაში". მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისების ახალი წესების შესახებ რეფორმების პაკეტი დაამტკიცა.

"ჩვენ ამ ახალ წესებზე სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ვიმუშავეთ თვეების განმავლობაში, ვიმუშავეთ აგრარული სექტორის ექსპერტებთან ერთად, ლიბერალებთან, ნაკლებად ლიბერალებთან, კონსერვატორებთან. ვიმუშავეთ აგრეთვე პარლამენტარებთან და სხვადასხვა კომიტეტის წარმომადგენლებთან და შევთანხმდით იმ პაკეტზე, რომელიც დღეს დაამტკიცა მთავრობამ", - განაცხადა წულუკიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე და აღნიშნა, რომ ცვლილებების თანახმად, სასოფლო-სამეურნეო მიწას ვეღარ შეისყიდის უცხოეთში დაფუძნებული კომპანია და სხვა იურიდიული პირი.

"სასოფლო მიწის გასხვისება უცხოელ ფიზიკურ პირზე ან უცხოურ კომპანიაზე, თუნდაც ის საქართველოში იყოს დაფუძნებული, ვერ მოხდება საქართველოს საზღვრის მიმდებარე 5-კილომეტრიან ზოლში და მთავრობის მიერ დადგენილ შესაბამის სასაზღვრო ზონაში. სასაზღვრო ზოლსა და ამგვარ ზონებში ვერცერთი უცხოელი, ფიზიკური პირი ან უცხოური კომპანია სასოფლო-სამეურნეო მიწას ვერ შეისყიდის. სამაგიეროდ, უცხოელს, რომელიც მემკვიდრეობით მიიღებს სასოფლო მიწას, შეეძლება გახდეს ამ მიწის მესაკუთრე, რაც ბევრ ჩვენს თანამემამულეს, რომელმაც დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და დღეს უცხოეთის მოქალაქედ ითვლება, საშუალებას მისცემს, წინაპრების მიერ მემკვიდრეობით დატოვებული სასოფლო-სამეურნეო მიწები მიიღოს საკუთრებაში", - თქვა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის განცხადებითვე, ფიზიკურ პირებს, უცხოელებს და იმ იურიდიულ პირებს, კომპანიებს, რომლებიც დაფუძნდებიან საქართველოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეეძლებათ სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეები გახდნენ მხოლოდ შემდეგი წესების დაცვით:

"თუ მათ ექნებათ საქართველოს ტერიტორიაზე აგრარულ სექტორში ხუთწლიანი გამოცდილება, ხოლო ფიზიკური პირის უცხოელის შემთხვევაში, მას ასევე უნდა ჰქონდეს ან მუდმივი ბინადრობის უფლება საქართველოში, ან კი საინვესტიციო ბინადრობის უფლება. აქვე, ძლიერდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს როლი, რათა დარგობრივ სამინისტროს უფრო მეტი უფლებამოსილებები ჰქონდეს და ეთქმოდეს იმ საიჯარო ვალდებულებების შესრულებაზე, რომელიც შესასრულებელია ამა თუ იმ ინვესტორის მიერ. აქვე ძლიერდება და შემოდის ნოტარიუსის როლი, რომელიც კერძო პირებს, ქართველსა და უცხოელს შორის სასოფლო-სამეურნეო მიწასთან დაკავშირებულ ტრანზაქციებს დაამოწმებს და შეამოწმებს ამ ახალი კანონით დადგენილი ახალი პირობების შესრულებას, როგორც ქართველი მოქალაქის, რომელიც გამყიდველი იქნება მიწის, ასევე უცხოელი მოქალაქის, რომელიც მყიდველი იქნება ამ მიწის. პირობების დაცვას შეამოწმებს მანამ, სანამ ტრანზაქციას დაამოწმებს. დავძენ, რომ ჩვენ შემოგვაქვს ასევე დათქმა, რომ უცხოელი ფიზიკური პირი, უცხოელი იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებულია საქართველოში და ამაში იგულისხმებიან ის იურიდიული პირები, რომელთა 50%-იან პაკეტს ან მეტს ფლობს უცხოელი - მათ ექნებათ უფლება შეისყიდონ სასოფლო-სამეურნეო მიწა მინიმუმ 5 ჰექტარი და არა ნაკლები და მაქსიმუმ ჯამში 100 ჰექტარი, თუმცა სერიოზული საინვესტიციო გეგმის არსებობის პირობებში მთავრობა ინარჩუნებს უფლებას, რომ ამ წესების დაუცველად, კონკრეტული პროექტების მქონე ინვესტორებს ხელი შეუწყოს და დართოს ნება, დეტალური შესწავლის შედეგად, დარგობრივი სამინისტროების მიერ, რომ მათ შეძლონ ფლობდნენ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწას. მე მინდა დავძინო, რომ ამ მრავალი თვის მუშაობის შედეგად საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე, ჩვენ შეგვიძლია, სამინისტროებმა, ვინც ამაში მონაწილეობა მივიღეთ, ცალსახად განვაცხადოთ, რომ ეს არის ყველაზე   დაბალანსებული მოდელი, რომელიც ერთის მხრივ იცავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, საქართველოს სახელმწიფო ინტერესს, რომელიც მცირე მიწიანი ქვეყანაა და, ამავე დროს, იცავს უცხოელი ინვესტორის, ინვესტიციების მოზიდვის და ამ ინვესტიციების დაცვის ინტერესებს", - განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის მიერ 2013 წლის საგაზაფხულო სესიაზე მიღებული კანონი, რომლის საფუძველზეც, უცხოელებსა და უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში დაფუძნებულ იურიდიულ პირებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების მოპოვების უფლება შეუჩერდათ, არაკონსტიტუციურად ცნო.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს პატრიარქი და განაცხადა, რომ "დღეს, როდესაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დიდი უმრავლესობა სიღატაკის ზღვარზეა და ბევრ შემთხვევაში, იძულებულია, თავისი ქონება ძალზე იაფად გაასხვისოს, ახალი რეალობა დიდი დარტყმის წინაშე დააყენებს სახელმწიფოს".

კომენტარები