სასოფლო-სამეურნეო მიწები

სასოფლო-სამეურნეო მიწა, შესაძლოა, მხოლოდ 49-წლიანი სარგებლობის უფლებით გაიცეს

for.ge

სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებით არაუმეტეს 49 წლიანი ვადით სარგებლობის უფლება ექნებათ. ცვლილებები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ქონების ეროვნულმა სააგენტომ მოამზადეს. კანონპროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა.

კანონპროექტის მიხედვით, შეზღუდვა პრივატიზებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სარგებლობაში გადაცემაზე გაუქმდება. სარგებლობაში გადაცემას დაექვემდებარება როგორც პრივატიზებას დაქვემდებარებული, ისე დაუქვემდებარებელი მიწის ნაკვეთები.

გარდა ზემოაღნიშნულისა, შეგახსენებთ, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებით პარლამენტს მიღებული აქვს კანონი, რომლის საფუძველზეც, უცხოელებსა და უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში დაფუძნებულ იურიდიულ პირებს, მიწებზე საკუთრების მოპოვების უფლება შეუჩერდათ. პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, ეს მორატორიუმი 2014 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედებს.

ასევე, მმართველმა გუნდმა კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა მიიღო და 2014 წლის 31 დეკემბრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისთვის სტატუსის შეცვლა და მისი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებაში გადაყვანა შეაჩერა.

კომენტარები