საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები

აბაშიძე: ვცდილობთ, საგარეო პოლიტიკაში რუსეთისგან წინააღმდეგობა არ შეგვხვდეს

ზურაბ აბაშიძე

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის მრჩევლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, "ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ჩვენი ევროპული პოლიტიკა, ჩვენი ურთიერთობა აშშ-თან წარვმართოთ ისე, რომ არანაირი განსაკუთრებული წინააღმდეგობა რუსეთისგან არ შეგვხვდეს". აბაშიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საკითხზე კანონპროექტის მიღება შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით, წინგადადგმული ნაბიჯია.

"მე ვფიქრობ, ვისაც შეუძლია, დაინახავდა იმას, თუ რაოდენ ფილიგრანულად ჩავატარეთ სამუშაო და როგორ მოვაწერეთ ხელი ასოცირების ხელშეკრულებას... ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. მასთან უაღრესად კონსტრუქციული, მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს. ეს საკითხი კარგა ხანია დღის წესრიგში დგას. მე ვფიქრობ, რომ ეს სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით", - განაცხადა აბაშიძემ. 

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც ჩამოთვლილი ქვეყნები აშშ-ის NATO-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსს მიიღებენ. ამის შესახებ საუბარია უკრაინის თავისუფლების მხარდამჭერ აქტში, რომლის საბოლოოდ მიღების შემდეგ, აშშ-ს საშუალება ექნება, რუსულ სამხედრო და ენერგოკომპანიებს სანქციები დააკისროს და უკრაინას სამხედრო დახმარება გაუწიოს. კანონპროექტი, ასევე, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლისთვის მომდევნო სამი წლის განმავლობაში 10 მილიონი დოლარის გამოყოფას გულისხმობს.

კომენტარები