ნაფიცი მსაჯულები

პარლამენტმა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედების გადავადებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით, 61 ხმით არცერთის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის სრულად ამოქმედების გადავადებას ითვალისწინებს. საპარლამენტო უმცირესობამ კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა არ მიიღო, რადგან დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, თბილისში გამართული საკომიტეტო სხდომების დროს განხილული კანონპროექტების კენჭისყრა კონსტიტუციის დარღვევაა.

"ქალაქ თბილისში პარლამენტის საქმიანობის განხორციელება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, კერძოდ, იმ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო ქალაქი ქუთაისია. მიგვაჩნია, რომ პარლამენტი თუ კანონპროექტების კენჭისყრას გამართავს და მხარს დაუჭერს, ეს იქნება პარლამენტის რეგლამენტის, კონსტიტუციის დარღვევით მიღებული კანონები. ჩვენ ვგეგმავთ, მივმართოთ სასამართლოს იმისთვის, რომ დავამტკიცოთ არაკონსტიტუციური პროცედურის საკითხი. მოგიწოდებთ, ყველა იმ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა თბილისში, კომიტეტებზე განიხილა, კენჭი არ უყაროთ. არ ვაპირებთ, გავხდეთ არაკონსტიტუციური პროცესის მონაწილეები", – აღნიშნა თაქთაქიშვილმა ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით. შესაბამისად, ფრაქციამ რამდენიმე კანონპროექტის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, მათ შორის, ერთ-ერთი იყო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომელიც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედების გადადებას ეხებოდა.

მოქმედი კანონის თანახმად, 2014 წლის 1-ლი ოქტომბრიდან ნაფიც მსაჯულთა განსჯადობას უნდა დაქვემდებარებოდა სისხლის სამართლის ყველა ის საქმე, რომელიც სასჯელის ფორმად პატიმრობას ითვალისწინებს. ახალი კანონპროექტი კი, რომელიც პირველი მოსმენით მიიღეს, ამ წესის 2016 წლის 1-ლ ოქტომბრამდე გადავადებას ითვალისწინებს. იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, მოსამართლეები შესაბამისად არ არიან მომზადებულები და მთავრობას არც შესაბამისი ფინანსები გააჩნია.

კომენტარები