ბარბარე რაფალიანცის საქმე

თაქთაქიშვილი: რაფალიანცის საქმეზე პრემიერის კომენტარი გასაოცარი უსინდისობაა

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი ბარბარე რაფალიანცის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით პრემიერმინისტრის კომენტარს "გასაოცარ უსინდისოსობას" უწოდებს. როგორც დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, "ძალიან ცუდია, რომ უზნეო ადამიანები, რომლებსაც წარსულში ბევრი კრიმინალი აქვთ ჩადენილი", ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების თემით სპეკულირებენ და ამაში ოჯახსაც რთავენ.

"გასაოცარი უსინდისობაა მსგავსი კომენტარი იმ ადამიანისგან, რომელმაც თავის თავზე აიღო ამ საქმის გამოძიება, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა. დღეს როგორც იკვეთება, ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს იმასთან დაკავშირებით, კონკრეტულად ვინ იყო ჩარეული ქართული ოცნებიდან ამ შემზარავი დანაშაულის ჩადენაში, თუ შემდგომ გამოყენებაში. აქედან გამომდინარე, მთავარი პასუხისმგებელი იმაზე, თუ რატომ არ არის გამოძიებული დღეს ეს ფაქტი, არის პირადად ირაკლი ღარიბაშვილი", - თქვა თაქთაქიშვილმა ინტერპრესნიუსის ცნობით.

საპარლამენტო უმცირესობა 10 თვის ბარბარე რაფალიანცის სიკვდილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. გიორგი ღვინიაშვილის თქმით, "ქართული ოცნების ადვოკატის ლალი ბიწოშვილის გაკეთებულმა განცხადებამ გაამძაფრა ეჭვი, რომ რაფალიანცის მკვლელობის ფაქტი დაგეგმილი იყო და ეს ქართული ოცნების ხელმძღვანელობამ, მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა". ბიწოშვილი 2014 წლის 6 თებერვლის ჩანაწერში, 10 თვის ბარბარე რაფალიანცის სიკვდილზე პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებასა და კულტურის მინისტრის მოადგილეს მანანა ბერიკაშვილს აკისრებს. ბერიკაშვილი 2012 წელს ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატი იყო გურჯაანის რაიონში. ბიწოშვილი ამბობს, რომ მას კოალიციის წარმომადგენლებმა სთხოვეს, ჩართულიყო რაფალიანცის საქმეში  და დაერწმუნებინა ოჯახის წევრები, არაფერი არ ეთქვათ მასთან შეთანხმების გარეშე. 

შეგახსენებთ, რომ 10 თვის ბარბარე რაფალიანცი, 2012 წლის 30 სექტემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს. ქართული ოცნების ზოგიერთმა წარმომადგენელმა ბავშვის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა მაშინ ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა.

შინაგან საქმეთა მინისტრობისას ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენჯერმე საჯაროდ დადო პირობა, რომ საქმეს სწრაფად გამოიძიებდნენ, თუმცა მოგვიანებით ღარიბაშვილმა თქვა, რომ იჩქარა.

კომენტარები