ანდრეი ჰუსინი

დაიღუპა უკრაინის ნაკრებისა და კიევის დინამოს ყოფილი ფეხბურთელი ანდრეი ჰუსინი

უკრაინის ნაკრებისა და დინამო კიევის ყოფილი ფეხბურთელი, ანდრეი ჰუსინი 41 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში დაიღუპა, ამის შესახებ ინფორმაციას დინამო კიევის პრესსამსახური ავრცელებს.

შემთხვევა 17 სექტემბერს მოხდა - ჰუსინი, რომელიც ავტოსპორტით იყო გატაცებული, კიევში მდებარე ავტოდრომ ჩაიკაზე მოტოციკლს მაღალი სისწრაფით მართავდა. Gazeta.ru-ს ცნობით, ყოფილი ფეხბურთელმა წრიულ ზოლზე გასვლისას საჭე ვერ დაიმორჩილა და მოტოციკლიდან გადმოვარდა. ჰუსინი ადგილზე გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ ანდრეი ჰუსინი კიევის დინამოს რიგებში 7-ჯერ გახდა უკრაინის ჩემპიონი, 4-ჯერ მოიპოვა ქვეყნის თასი, კლუბთან ერთად მონაწილეობა მიიღო უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში. ჰუსინი 10 წლის განმავლობაში იცავდა უკრაინის ეროვნული ნაკრების რიგებს, რომლის რიგებშიც 71 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა. 

საფეხბურთო კარიერის შემდეგ, ჰუსინინი დინამო 2-ს თავკაცობდა, მუშაობდა სამარის კრილია სოვეტოვსა და მახაჩკალის ანჟიში. გასულ წელს, ვეტერანი ფეხბურთელი თბილისში, ყოფილი თანაგუნდელის, კახა კალაძის გამოსათხოვარ მატჩშიც მონაწილეობდა.

ეს წლეულს კიევის დინამოს ფეხბურთელის დაღუპვის პირველი შემთხვევა არ არის - აგვისტოში კლუბის ორი ყოფილი ფეხბურთელი - ანდრეი ბილი და ვალენტინ ბელკევიჩი გარდაიცვალნენ.

კომენტარები