ბარბარე რაფალიანცის საქმე

ღვინიაშვილი: რაფალიანცის გარდაცვალების საქმეზე შეიქმნას საგამოძიებო კომისია

სააპრლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ღვინიაშვილი 10 თვის ბარბარე რაფალიანცის სიკვდილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ამის შესახებ ღვინიაშვილმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ "ამ კომისიით იქნებ ჩვენ მივაღწიოთ რაიმე სიმართლის მარცვალს“. დეპუტატის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, აბსოლუტურად ლეგიტიმურად ქართული ოცნების „კისერზე იქნება“ ამ საქმის მთელი ტვირთი და პასუხისმგებლობა.

„ორი წელი გავა იმ შემზარავი ტრაგედიიდან. ფაქტის პირველივე წუთებში ისე, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო ბარბარე რაფალიანცის მდგომარეობა, მისი მოკვლა პირდაპირ მე დამაბრალა ქართული ოცნების გურჯაანის მაჟორიტარობის დეპუტატმა, მანანა ბერიკაშვილმა და სხვათა შორის მის საქციელს უმრავლესობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გედი ფოფხაძემ ამაზრზენი უწოდა. თუმცა არავის არ ზარავს, რომ დღეს ამ ადამიანს ბოდიშიც კი არ მოუხდია და დღეს არის მინისტრის მოადგილე. პირველივე წუთებში, გურჯაანში, საეჭვოდ გამოჩნდა ქართული ოცნების ზუგდიდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ალასანია, რომელმაც ასევე ნაციონალური მოძრაობისკენ მიუთითა. შემთხვევაზე ძალიან საეჭვოდ, ძალიან მალე ქართული ოცნების მხარდამჭერი ტელევიზიები იყვნენ პირველივე წუთში იქ ძალიან საეჭვოდ“, - განაცხადა ღვინიაშვილმა და აღნიშნა, რომ შემდგომში, გარკვეული ანალიზის შემდეგ, ცხადი გახდა, რომ ქართულმა ოცნებამ და მისმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ „ამაზრზენად, თუმცა წარმატებულად“, ეს ფაქტი გამოიყენა თავისი პოლიტიკური მიზნებისათვის.

„დიახ, ჩვენი ამომრჩეველი საარჩევნო ყუთებთან მიიყვანა იმ განწყობით, რომ ნაციონალები ჭამენ ბავშვებს. შემდგომში უკვე ხელისუფლებაში მოსული ქართული ოცნების შსს-ს მინისტრი, დღევანდელი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საზოგადოებასთან დებს პირობას, რომ ორი კვირის განმავლობაში ამ საქმეს გამოიძიებდა, მაგრამ ჩვენ როგორც ვხედავთ, ორი წლის თავზე ეს საქმე გამოუძიებელია. გუშინ ტელეეკრანებზე გამოჩნდა ქალბატონი, რომელმაც პირდაპირ მიუთითა ქართულ ოცნებაზე, რომ ბარბარე რაფალიანცის მკვლელობაში მონაწილეობა აქვს მიღებული ამ ორგანიზაციას. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ქალბატონი იყო ქართული ოცნების ადვოკატი, ქართული ოცნების ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის  წევრი. ბარბარე რაფალიანცის ოჯახს ადვოკატები არ უქირავებია, ეს ადამიანი მივლინებული იყო ქართული ოცნების მიერ ბარბარე რაფალიანცის ოჯახში და როგორც ის განმარტავს, დავალებული ჰქონდა, რომ ეს საქმე არ გახსნილიყო. ბუნებრივია, ამის შემდეგ ეჭვი უფრო იზრდება და მყარდება, რომ ამ ყველაფერთან დაკავშირებულია ქართული ოცნება“, - განაცხადა ღვინიაშვილმა და დაამატა, რომ თავად არავის ადებს ხელს და მხოლოდ გამოძიებას ითხოვს.

„მინდა მოგიწოდოთ, დღიდან ამ ფაქტისა, მე ვითხოვ გამოძიებას და, ბატონო უმრავლესობავ, შარშანდელი თოვლივით გამქრალ წინაასარჩევნო თქვენ დაპირებებთან ერთად, ხელისუფლებაში მობრძანდით მათ შორის ამ საქმით და, სხვათა შორის, ეს არის რუსი ოლიგარქების სტილი, ჩვეული სტილი და პუტინიც ასე მოვიდა ხელისუფლებაში და რა სიმართლითაც მობრძანდით, თქვენი მომავალი გამარჯვებები იქნება იმ სიმართლით და თუ ეს ესე არ არის, მაშინ გამოვიძიოთ ეს საქმე, ჩავრთოთ არასამთავრობო ორგანიზაციები, ჩავრთოთ საზოგადოება, შევქმნათ საპარლამენტო კომისია. მე დარწმუნებული ვარ,  შეიძლება ამაზე უარი თქვათ თქვენ იმიტომ, რომ მე არ მწამს დღევანდელი საგამოძიებო ორგანოების, მე არ მწამს დღევანდელი ხელისუფლების, რომ ეს საქმე გაიხსნება, ამიტომ პარალამენტში, ამ კომისიით იქნებ ჩვენ მივაღწიოთ რაიმე სიმართლის მარცვალს. წინააღმდეგ შემთხვევაში, აბსოლუტურად ლეგიტიმურად თქვენს კისერზე იქნება ამ საქმის მთელი ტვირთი და მთელი პასუხისმგებლობა“, - მიმართა დეპუტატმა უმრავლესობას.

შეგახსენებთ, რომ 10 თვის ბარბარე რაფალიანცი, 2012 წლის 30 სექტემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს. ქართული ოცნების ზოგიერთმა წარმომადგენელმა ბავშვის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა მაშინ ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა.

შინაგან საქმეთა მინისტრობისას ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენჯერმე საჯაროდ დადო პირობა, რომ საქმეს სწრაფად გამოიძიებდნენ, თუმცა მოგვიანებით ღარიბაშვილმა თქვა, რომ იჩქარა.

კომენტარები