პოლიტიკური დევნა საქართველოში

ნორლანდი: ჩვენ საქართველოსთან მომავალზე ორიენტირებული დღის წესრიგი გვაქვს

აშშ-ის საელჩო საქართველოში

აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი საქართველოში პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადების შეფასებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ "განცხადება თავად მეტყველებს". მისივე თქმით, აშშ-ს საქართველოსთან მომავალზე ორიენტირებული წესრიგი აქვს.

"განცხადება თავად მეტყველებს. მოვუწოდებ ყველას, ნახოს. მინდა, ვთქვა, რომ ამერიკა არის საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი. ეს ჩანს, მაგალითად, იმ ფაქტში, რომ სახელმწიფო მდივანმა კერიმ დაპატიჟა მაია ფანჯიკიძე, რათა 19 სექტემბერს მონაწილეობა მიიღოს გაეროს უშიშროების საბჭოს განხილვაში ერაყის საკითხთან დაკავშირებით. ასევე ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები თეთრ სახლში არიან მიწვეული 26 სექტემბერს, გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების სამიტზე. ჩვენ საქართველოსთან მომავალზე ორიენტირებული დღის წესრიგი გვაქვს", - თქვა ნორლანდმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციის წარმომადგენელთა მიმართ წარმოებული გამოძიებებისა და სისხლისსამართლებრივი ბრალდებების გამო. ასევე იმ რისკებით, რასაც პოლიტიკური დევნა საქართველოს დემოკრატიას შეუქმნის. დეპარტამენტმა სპეციალური განცხადება გაავრცელა.

"ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს ყველა ძალას, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უჭერს მხარს, ფოკუსირება მოახდინონ საერთო ინტერესებზე, განავითარონ არსებული მიღწევები, ითანამშრომლონ ქვეყნის წინსვლისთვის და იზრუნონ მწვავე ეკონომიკური და რეგიონული უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების დაძლევაზე.

ჩვენ გვაშფოთებს ოპოზიციის წარმომადგენელთა მიმართ წარმოებული გამოძიებები და სისხლისსამართლებრივი ბრალდებები, ასევე ის რისკები, რასაც პოლიტიკური დევნა შეუქმნის საქართველოს დემოკრატიას. ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას, რაც უნდა მოიცავდეს პოლიტიკური პლურალიზმისა და ღია დებატის პატივისცემას", - წერია განცხადებაში.

კომენტარები