მაღალი პრემიები

წულუკიანი სად-ში გაცემულ პრემიებზე: ვეთანხმები ბატონ ბიძინას, ეს პრობლემაა

news.ge

"ვეთანხმები ბატონ ბიძინას, რომ სასჯელაღსრულებაში გაცემული უზარმაზარი, მე ვიტყოდი, სამარცხვინო პრემიები არის პრობლემა", - ასე შეაფასა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც მოქმედი მთავრობის ყველაზე დიდ გადაცდომად მაღალი პრემიების გამოწერას მიიჩნევს. 

"პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სერიოზული ძალისხმევისა და ყურადღების შედეგია, რომ ამგვარი თვითნებური პრემიების გაცემას, რაც მინისტრის ხელფასის რვამაგი და ცხრამაგი ოდენობა იყო, მომავალში ვერასდროს ვერავინ გაბედავს. დიახ, ეს იყო პრობლემა პირველი და უკანასკნელი. ამის შემდეგ მთავრობაში პრემიერის ინიციატივით ჩვენ შევიმუშავეთ პრემიების ახალი წესები, რომელსაც ყველა საჯარო მოხელე, შუა თუ მაღალი რგოლის მენეჯერი, მინისტრები ძალიან დიდი ზედმიწევნითა და ყურადღებით იცავენ", - განაცხადა წულუკიანმა.

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი მოქმედი მთავრობის ყველაზე დიდ გადაცდომად "ძალიან მაღალი პრემიების გამოწერას" მიიჩნევს. როგორც ივანიშვილი გაზეთ კვირის პალიტრასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გაცემული პრემიები მისთვის "ძალიან სტრესული" იყო. ამასთან, ყოფილი პრემიერის შეფასებით, თუ ორი წლის განმავლობაში ყველაზე დიდ შეცდომად მაღალი პრემიები დაფიქსირდა, მთავრობა შეიძლება წარმატებულად ჩაითვალოს.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თანამშრომლებმა 2013 წლის დეკემბერში მაღალი პრემიები მიიღეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აზრით, ეს ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანას უკავშირდებოდა. მაშინდელმა სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ პრემიების გაცემის საკითხი სად-ის ხელმძღვანელს დიმიტრი დარბაისელს მასთან არ შეუთანხმებია. მაისის თვეშივე, თანამდებობა დატოვა დიმიტრი დარბაისელმა.

 

კომენტარები