საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილის განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას ამ ეტაპზე არ აპირებს. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მარგველაშვილის რეაქცია იყო ის, რომ "თავს დაჩაგრულად არ გრძნობს".
"კომენტარი არ იქნებაო, მითხრა, როდესაც ეს არის რაღაცა ნაწილი ინტერვიუსი. მითხრა, რომ თავს დაჩაგრულად ნამდვილად არ ვგრძნობო. ეს იყო მისი რეაქცია, როცა გავაცანი განცხადება", - აღნიშნავს ტაბულასთან საუბარში პრეზიდენტის პრესსამსახურის წარმომადგენელი თიკო მჟავანაძე.
აღსანიშნავია, რომ ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა Palitra TV-სთან ინტერვიუში თქვა, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მთავრობას კონკურენტად აღიქვამს და სურს, ხელი შეუშალოს.
ივანიშვილი ასევე გამოეხმაურა გაერო-ში გასამგზავრებელი დელეგაციის საკითხს. ყოფილი პრემიერი თვლის, რომ საქართველო უკვე საპარლამენტო რესპუბლიკაა და კითხვა, თუ ვინ უნდა წავიდეს გაერო-ში, არ არსებობს.
"ვნახეთ სია, ვინ ჩავა და გაერო-ს სხდომას ვინ დაესწრება საპარლამენტო რესპუბლიკებიდან. როგორც წესი, იქ პრემიერები იქნებიან წარმოდგენილები. კითხვა არ არსებობს. ისევ მიდის თანაბარი შედარება და ფონი უფრო მეტად ისეთია, თითქოს აშავებს პრემიერი და ჩაგრავს პრეზიდენტს, ამ დროს კი, ორჯერ ორი ოთხია - რა თქმა უნდა, იქ წავა მერკელი, რა თქმა უნდა, იქ წავა ნეთანიაჰუ, რა თქმა უნდა, იქ წავა ინგლისის პრემიერი და ა.შ. – შეიძლება მხოლოდ ერთი- ორი გამონაკლისი იყოს, როცა პრემიერმა ვერ მოიცალა და გადასცა ეს უფლება პრეზიდენტს. ასეთია კონსტიტუცია საპარლამენტო რესპუბლიკაში. ის შეხვედრა, საიდანაც ამან მოწვევა მიიღო, დაბალი დონის შეხვედრაა. სხვათა შორის, კლიმატის გაუმჯობესების სამიტზე შარშან ფანჯიკიძე იყო მიწვეული, თუმცა მასაც წასვლა არ სდომებია - ზალკალიანი უნდა წასულიყო, თუმცა, საბოლოოდ, წავიდა ფანჯიკიძე იმიტომ, რომ სხვა საქმეებიც ჰქონდა, მაგრამ არავის უფიქრია, რომ ჩემთვის ეთქვა ან პრეზიდენტი წასულიყო. ეს არის რეალობა", - თქვა ივანიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად ბიძინა ივანიშვილმა დაასახელა. ყოფილი პრემიერი საზოგადოებას ხშირად მიმართავდა, რომ მარგველაშვილის სახით საქართველოს "საოცარი, ევროპული ტიპის ადამიანი ეყოლებოდა". მარგველაშვილი პრეზიდენტი გახდა.
2014 წლის მარტში კი, უკვე ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში აღნიშნა, რომ მას მარგველაშვილთან კომუნიკაცია არ ჰქონდა, რადგან პრეზიდენტად არჩევის შემდეგ პრინციპულად განსხვავებული თვისებები გამოაჩინა და ხასიათი გამოავლინა.





