მაღალი პრემიები

ივანიშვილი: მთავრობის ყველაზე დიდი გადაცდომა ძალიან მაღალი პრემიების გამოწერაა

ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი მოქმედი მთავრობის ყველაზე დიდ გადაცდომად "ძალიან მაღალი პრემიების გამოწერას" მიიჩნევს. როგორც ივანიშვილი გაზეთ კვირის პალიტრასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გაცემული პრემიები მისთვის "ძალიან სტრესული" იყო. ამასთან, ყოფილი პრემიერის შეფასებით, თუ ორი წლის განმავლობაში ყველაზე დიდ შეცდომად მაღალი პრემიები დაფიქსირდა, მთავრობა შეიძლება წარმატებულად ჩაითვალოს.

"წინა ჩემს გამოსვლებში მე ყოველთვის აღვნიშნავდი იმ გადაცდომებს, რაც მთავრობაში იყო და მათზე ვაკეთებდი რეაქციას და იქვე აღვნიშნავდი, რომ საზოგადოება უკვე კარგად ერკვევა და სრულფასოვანი კონტროლი მიდის, თუმცა კონტროლის ხარისხის დახვეწაა საჭირო საზოგადოების მხრიდან და ამას საზოგადოება ახერხებს ძალიან კარგად. ყველაზე დიდ გადაცდომად მე ვთვლი ძალიან მაღალი პრემიების გამოწერას და ის, რაც მოხდა სასჯელაღსრულების სამინისტროში, ჩემთვის იყო ძალიან სტრესული და არ მომეწონა. მაგრამ თუ ორი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი შეცდომა ერთ-ერთ სამინისტროში პრემიის გამოწერაა, (ყველაზე სერიოზულ გადაცდომად მე ამას ვთვლი და საზოგადოებაშიც, მე მგონი, ეს თემა დარჩა), ასეთი მთავრობა შეიძლება წარმატებულად დააფიქსირო და შეიძლება ძველ, ევროპულ ქვეყნებთანაც გაავლო პარალელი და უმაღლეს რანგში შეიძლება აიყვანო", - აცხადებს ივანიშვილი.

სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, ყოფილ პრემიერმინისტრთან ინტერვიუს სრული ვერსია გაზეთ კვირის პალიტრის 15 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდება. 

კომენტარები