ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან

ივანიშვილი: მარგველაშვილს უნდა, მთავრობას ხელი შეუშალოს

ბიძინა ივანიშვილი
Артема Голощапова / Forbes

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი Palitra TV-სთან ინტერვიუში მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მთავრობას კონკურენტად აღიქვამს და სურს, ხელი შეუშალოს.

"ის, რომ, პრაქტიკულად, ინაუგურაციის მეორე დღესვე თუ მესამე დღეს, როდესაც ჩვენ დავიწყეთ დალაგება და მე გაუგებრობაში აღმოვჩნდი, ერთ-ერთი ჩვენი პოლემიკის საგანი გახლდათ ის, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილს ჰქონდა პოზიცია, რომ ის კონკურენციაში უნდა იყოს მთავრობასთან და პარლამენტთან. და ჩვენ ძალიან ბევრი დრო დავხარჯეთ და არაერთჯერ. მე მას ვეუბნებოდი, რომ ეს პოზიცია არ არის სწორი, თქვენ უნდა მოხვიდეთ ერთ გუნდად და მოხვედით ერთ გუნდად, მთელი გუნდი ქართული ოცნების გეხმარებოდა არჩევნების პროცესში, მხარს გიჭერდა. ჯერ არაკორექტულია - რისთვის და რად გინდათ კონკურენცია. თქვენ კონკურენტი გყავთ უმუშევრობა, თქვენ კონკურენტი გყავთ უამრავი პრობლემები - ტერიტორიული მთლიანობა, საგარეო პოლიტიკა და ა.შ. ხელი ხელს ჩაკიდეთ, თქვენ ერთად უნდა იმუშაოთ და არ უნდა იყოს კონკურენცია, რატომ გინდათ კონკურენცია. მან ვერ დამისაბუთა, მე ჩემს აზრზე დავრჩი, მაგრამ მას აზრი არ შეუცვლია, რომ უნდა იყოს კონკურენცია. რა შუაშია მთავრობა. პრეზიდენტის სასახლეში შევიდა და გუნდის არცერთ წევრს არ ჰკითხა და იცოდა განწყობა ყველასგან უარყოფითი ამაზე და თვითონაც ჰქონდა ასეთი უარყოფითი განწყობა. ვეტოს დადება ძლივს გადაიფიქრა კანონპროექტზე, რომელიც წაკითხული არ ჰქონდა. პროკურატურას გრიფი მთელი თვე არ მოუხსნა პროკურატურასთან სამი შეხვედრის შემდგომაც კი, სანამ არ გასაჯაროვდა და მყისიერად გააკეთა რეაქცია. რა შუაშია აქ მთავრობა. ყველა ქმედებაში განა მარტივი დასანახი არ არის, რომ კონკურენტთან აქვს საქმე და უნდა, ხელი შეუშალოს. საბოლოო ჯამში, ქვეყანას ეშლება ხელი. ამას უნდა მიხვდეს პრეზიდენტი მარგველაშვილი. ის, რომ საშინელ ზეწოლას განიცდის დღევანდელი მთავრობაც, ჩემი მთავრობაც, მეც მწვდებიან დღესაც კი, რომ კითხვები დამისვან, ვინც ახერხებს, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, რომ მე არ ვარ საჯარო და არ ვცემ პასუხს. და ხელისუფლებაზე გადამაქვს, არის თუ არა პოლიტიკური დევნილი პრეზიდენტი სააკაშვილი. ჩვენ რეალურად კარგად ვიცით, რაც ხდება და როგორი იყო ნაციონალური მოძრაობა. ამ ფონზე, როდესაც არ ხსნი 1 თვე გრიფს ელემენტარულ საბუთს და ამავდროულად აცხადებ, რომ შენ ხელისუფლებაში გინდა, იყო ხელისუფლებასთან. ეს, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, დააზარალებს ქვეყანას", - აღნიშნავს ივანიშვილი.

აღსანიშნავია, რომ გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად ბიძინა ივანიშვილმა დაასახელა. ყოფილი პრემიერი საზოგადოებას ხშირად მიმართავდა, რომ მარგველაშვილის სახით საქართველოს "საოცარი, ევროპული ტიპის ადამიანი ეყოლებოდა". მარგველაშვილი პრეზიდენტი გახდა.

2014 წლის მარტში კი, უკვე ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში აღნიშნა, რომ მას მარგველაშვილთან კომუნიკაცია არ ჰქონდა, რადგან პრეზიდენტად არჩევის შემდეგ პრინციპულად განსხვავებული თვისებები გამოავლინა. 

კომენტარები