უგულავას წერილი

უგულავა: პანიკაში მყოფი ხელისუფლება ჩემი სახელით წერილებს ავრცელებს

მინდა ვურჩიო ხელისუფლებას, რომ როცა მთავრობის წევრები საუბრობენ სახელმწიფო გადატრიალებასა და რევოლუციაზე ეს დამღუპველად მოქმედებს ქვეყნის ისედაც სტაგნაციაში მყოფ ეკონომიკაზე - განაცხადა გიგი უგულავამ თავის Facebook გვერდზე.

უგულავამ მისი სახელით გავრცელებულ წერილს, ხელისუფლების მიერ მის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია უწოდა.

„უკვე მეორეჯერ მიწევს რაღაც გაურკვეველი კორესპოდენციის უარყოფა, პირველად ეს ჩვეულებრივ გართობად აღვიქვი, ახლა როცა მეორე წერილიც გავრცელდა, ჩემი სახელით, ვხედავ რომ ეს მიზანმიმართული კამპანიაა. პანიკაში ჩავარდნილი ხელისუფლება, როგორც ჩანს, ერთის მხრივ გრძნობს მომწიფებულ საზოგადოებრივ უკმაყოფილებას, ხოლო, მეორეს მხრივ, სწორი დასკვნების გაკეთების ნაცვლად, გადაბრალების ობიექტს ეძებს და “კუდიანებზე ნადირობის” მორიგ კამპანიას გეგმავს.

კვლავ ვაცხადებ, რომ კორესპოდენცია მე არ მეკუთვნის! მინდა ვურჩიო ხელისუფლებას, რომ როცა მთავრობის წევრები საუბრობენ სახელმწიფო გადატრიალებასა და რევოლუციაზე ეს დამღუპველად მოქმედებს ქვეყნის ისედაც სტაგნაციაში მყოფ ეკონომიკაზე. ეს კი უმუშევრობისა და კრიმინალის ზრდას იწვევს. არ ვიცი რამდენად აქვს აზრი რჩევა მისცე ისეთ მთავრობას, რომელსაც სჯერა “ასავალ-დასავალის” ხოლო, “NDI”-ს არა, მთავრობას, რომელმაც მართალია სხვისი სახელით წერა ისწავლა, მაგრამ კითხვისა და სწორი დასკვნების გაკეთებისგან ჯერ შორსაა. ჩემის მხრივ მინდა განვაცხადო, ჩემს ოფიციალურ განცხადებად ან წერილად შეგიძლიათ მიიჩნიოთ, ჩემს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე, ან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ, გავრცელებული განცხადებები, ასევე, ჩემი ადვოკატების მიერ გაკეთებული განცხადებები. სხვა ყველაფერი, ივანიშვილის ბელეტრისტიკაა!“ - წერს უგულავა.

შეგახსენებთ, რომ გაზეთმა ქრონიკამ გიგი უგულავას მიერ თანაგუნდელებისთვის ციხიდან მიწერილ წერილი გამოაქვეყნა. წერილში გიგი უგულავა თანაგუნდელებს სამოქმედო სტრატეგიას აცნობს, რომელიც ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. “ა) სტანდარტული: ვიგებთ 2016 წლის არჩევნებს. ბ) ივანიშვილს უმხედრდებიან “ზაპადნიკები“, ირევა პოლიტიკური ლანდშაფტი და 2016-მდე დგება ახალი კოალიციის, ანუ ივანიშვილი ხელისუფლებას ჩამოშორდება. აქ არ ნიშნავს ავტომატურად, რომ ხელისუფლებაში მოდიხარ, ან მიდიხარ, ოღონდ 2016-ის მოგების მერე. გ) ისე ირევა სიტუაცია, რომ ხდება ის, რაც უკრაინაში. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ ქუჩაში დაგდებულ ძალაუფლებას, ანუ რევოლუციური სცენარი“. - წერია ქრონიკის გავრცელებულ "უგულავას წერილში".

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, "გარკვეულ პოლიტიკურ ძალებში იგეგმება ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციური ქმედებები". როგორც ჭიკაიძემ ალიასთან საუბარში თქვა, "ისინი ცდილობენ დესტაბილიზაციას და დესტრუქციული ქმედებების განხორციელებას". მისი განცხადებით, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მომზადებას. ჭიკაიძის ინფორმაციით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიდინარეობს გამოძიება. მისი თქმით, "გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მეტს ვერ დავკონკრეტდები".

კომენტარები