გაეროს გენერალური ასამბლეა

ფხალაძე: პრეზიდენტის გადაწყვეტილება გაეროში წასვლაზე, ძალაში რჩება

ის, თუ ვინ წავა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, კვლავ გაურკვეველია. საბოლოო პასუხის მისაღებად დღეს საგარეო საქმეთა მინისტრი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ სამიტამდე დარჩენილ დროს პრეზიდენტთან კონსულტაციებისთვის გამოიყენებენ.

"ვეცდებით, ისეთი გამოსავალი ვიპოვოთ, რომელიც ყველასთვის და, რაც მთავარია, ქვეყნისთვის იქნება მისაღები", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძემ კი დაადასტურა, რომ მარგველაშვილის გადაწყვეტილება გაეროს ასამბლეაზე წასვლასთან დაკავშირებით ძალაში რჩება.

"პრეზიდენტს აქვს ისევ პრინციპული პოზიცია. დანარჩენ ყველა დეტალს მოგახსენებთ მოგვიანებით. ვადასტურებ, რომ პრეზიდენტის ვიზიტზე მუშაობა გრძელდება, თუმცა რა შეხვედრები დაიგეგმება და სხვა დეტალები, გეცოდინებათ მოგვიანებით", - აღნიშნა ფხალაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გასამგზავრებელ დელეგაციაზე მთავრობამ რამდენიმე თვის წინ იმსჯელა და გადაწყდა, რომ პრემიერი გაემგზავრება. ასამბლეაზე პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით 26 სექტემბერს გამოვა. ამავე ასამბლეის ფარგლებში, კლიმატის შესახებ სამიტზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლა იგეგმება, თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გასულ კვირაში განაცხადეს, რომ ამ სამიტზეც სიტყვით პრემიერი გამოვა და საგარეო უწყება გაეროში პრეზიდენტის ვიზიტის მოსამზადებლად არ მუშაობს. 

თუმცა, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაემგზავრება. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.

„მე მგონია, რომ როდესაც პრეზიდენტი იღებს თავის სახელზე მიპატიჟებას, ამ წერილზე პასუხი პრეზიდენტის საქმეა და არა სხვა უწყებების. იმიტომ, რომ პრეზიდენტს გააჩნია წერილის დაწერის, პასუხის გაცემის და თავის პოზიციის დაფიქსირების შესაბამისი უნარი", - ამბობს პრეზიდენტი.

მარგველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვალდებულებები აქვს არა მხოლოდ მთავრობის, არამედ სახელმწიფოს წინაშე და ევალება პრეზიდენტის საგარეო კომუნიკაციის ეფექტური უზრუნველყოფა.

კომენტარები