მაღალი პრემიები

ხადური: არცერთი განსაკუთრებით მაღალი პრემია არ გაცემულა პროკურატურაში

ნოდარ ხადური
facebook.com/mofgeorgia

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ”არცერთი განსაკუთრებით მაღალი პრემია არ არის გაცემული, მათ შორის, არც პროკურატურაში". ხადური IDFI-ის ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, პროკურატურაში 2014 წლის პირველ ნახევარში 3 966 846 ლარის ოდენობის პრემია გაიცა. ფინანსთა მინისტრის თქმით, "ჩვენ ვაკონტროლებთ ამ სიტუაციას და როდესაც ჯამურ ციფრს ვაცხადებთ, ჯამურმა ციფრმა მართლაც შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული უყურადღებობა”. ნოდარ ხადურის თქმით, ”როდესაც ჩვენ ვამბობთ, მაგალითად, რომ თორმეტმა თანამშრომელმა თორმეტი თვის განმავლობაში აიღო ნახევარი მილიონის ოდენობის პრემია, ჩვენ თუ გადავიყვანთ, ეს არის თვეში 3000 ლარი, რაც ხელზე გამოდის 2400. ამიტომ, კარგი იქნება, თუ კონკრეტულად ვიტყვით, ერთმა ადამიანმა რამდენი აიღო”.

ფინანსთა მინისტრი IDFI-ის იმ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მთავარმა პროკურატურამ 2013 წელს 1000 ლარის ღირებულების RENAULT CLIO 124 118 ლარის ღირებულების TOYOTA LAND CRUISER 200-ით ჩაანაცვლა. ხადურის თქმით, ”თავისთავად ცხადია, რომ პროკურატურას სჭირდება მანქანები და ხდება ძველი მანქანების ჩანაცვლება. როგორც მე ვიცი, 1000-ლარიანი მანქანა იყო და როგორ გგონიათ, 1000-ლარიანი მანქანით შესაძლებელია, რომ პროკურატურამ იმუშაოს?”. მინისტრის განცხადებითვე, ”არცერთ მინისტრს მანქანა არ შეუცვლია”.

კომენტარები